მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ზედმიწევნით შესრულდეს რეკომენდაციები

“ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ რეკომენდაციები ზედმიწევნით შესრულდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელი შეუშალოს.

„კამპანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვხედავთ – სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მიზნის მიღწევაში ხელის შეშლა – ახალი არ არის. ასე იყო ვიზალიბერალიზაციის დროსაც და შემდგომშიც. როდესაც დღეს ვინმე ცდილობს, მხოლოდ ნეგატიური კუთხით წარმოაჩინოს ის, თუ რა გააკეთა საქართველომ, ეს არის ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი. მათთვის არავის დაუვალებია და უთხოვია რეკომენდაციების შესრულების შეფასება – ეს შეფასება უნდა გააკეთოს ევროკავშირმა. როდესაც ამ დროს იწყება ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯების წინმსწრებად ნეგატიურად წარმოჩენა, რა შეიძლება უწოდო ამას, თუ არა ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობა. ის, რომ მათ თითქოს სურთ, აიძულონ ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულება – ხელისუფლებას არ სჭირდება იძულება. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ზედმიწევნით შესრულდეს რეკომენდაციები. თუ ვინმეს სჭირდება იძულება, ესენი არიან ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ ჯიუტად არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, ახლა კი ცდილობენ ყველანაირად ხელი შეუშალონ რეკომენდაციების შესრულებას. ამ პროცესში მათი როლი აბსოლუტურად უგულებელყოფილია“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები