„ღია წვის კამერის მქონე გაზის დანადგარების მოხმარების შედეგად, 2022 წელს 12 ადამიანი გარდაიცვალა, ძლიერ ინტოქსირებულია 65 ადამიანი” – „თბილისი ენერჯი“

„ღია წვის კამერის მქონე გაზის დანადგარების მოხმარების შედეგად, 2022 წელს 12 ადამიანი გარდაიცვალა, ძლიერ ინტოქსირებულია 65 ადამიანი, – ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული, ღია წვის კამერის მქონე დანადგარების მოხმარების გამო საფრთხის ქვეშ 14 471 აბონენტი იყო.

„2022 წელს, პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენ მიერ 342 850 აბონენტი შემოწმდა, რომელიც ბუნებრივ აირს მოიხმარს და თბილისსა და მის შემოგარენში ცხოვრობს. ჩაიჭრა და საფრთხის ქვეშ 14 471 აბონენტი იყო. ანუ, 14 471 აბონენტი ყოველდღიური და ყოველწუთიერი საფრთხის ქვეშ იყო, როდესაც არასწორად, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულ ღია წვის კამერის მქონე დანადგარებს მოიხმარდა. ეს დანადგარები თვითნებურად იყო დამონტაჟებული. უმეტეს შემთხვევებში ეს ღია წვის კამერის მქონე დანადგარები იყო, რაზეც ხაზი არაერთხელ გაგვისვამს, რომ ეს სრულად აკრძალულია და ჩვენმა აბონენტებმა არ უნდა მოიხმარონ. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ სწორედ ასეთი დანადგარების მოხმარების შედეგად 2022 წელს 12 ადამიანი გარდაიცვალა, ძლიერ ინტოქსირებულია 65 ადამიანი. 12 ადამიანი ეს უზარმაზარი რიცხვია. ესაა მხოლოდ თბილისის მაჩვენებელი. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ინტოქსიკაციის და გარდაცვალების მაჩვენებელშიც საგრძნობი შემცირებაა. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი ნულამდე დავიდეს. ამაში, პირველ ყოვლისა, დიდ როლს თქვენ, მედია თამაშობთ. რა თქმა უნდა, აბონენტებთან ერთობლივი მუშაობის, თანამშრომლობის გარეშე არაფერი გამოგვივა“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, კომპანიის თანამშრომლების მიერ ჩახსნილი დანადგარები ქსელზე თვითნებურად კვლავ არ მიაერთონ.

„ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ აბონენტებს, რომ როდესაც ჩვენი თანამშრომელი ამოწმებს, გაზის დანადგარს ჭრის, ყურად იღოს ჩვენი მითითებები.
როდესაც ჩვენი თანამშრომელი თქვენთან მოდის, თქვენი ბინა გაზის კუთხით გეგმიურ შემოწმებას გაივლის, (ეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წელიწადში ერთხელ ხდება), ჩახსნილი დანადგარები თვითნებურად არ მიაერთოთ. კარგია, რომ თვითნებურად მიერთების პროცენტი საგრძნობლად შემცირდა: 3 – 4 წლის წინ ეს 40 % იყო, ჩაჭრილი აბონენტების 40 % იგივე დანადგარს ჩვენი წასვლის შემდეგ თვითნებურად აერთებდა, ეს მაჩვენებელი 8-9 %-ზე ჩამოვიდა“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები