ვოლსკი – ხაბეიშვილზე: მისი განცხადებები ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო და აგრესიული
ხაბეიშვილი ვინმეს ხელებს მოამტვრევს თუ ფეხებს, ყურს მოაჭრის თუ ხახვს დააჭრის, ამ საკითხებზე მე არ მაქვს არავითარი ადეკვატური კომენტარი, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “ნაცმოძრაობის” ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას აყალბებს და მას “სიმაღლეში აპატარავებს”
„თუ ოფისის დათმობას აპირებს, შეიძლება, იქ შექმნას სასწავლო დაწესებულება ან პოლიტიკურ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც თავად და წალენჯიხის მერი წაიკითხავენ ლექციებს. თუ მათ დაემატებათ გარკვეული ადამიანები, მთლიანად შეივსება ის დეფიციტი, რაც „ნაცმოძრაობაში“ არსებობს – ელემენტარული პოლიტიკური ცოდნა-განათლება. თუ სხვა დარგობრივ თემებსაც მიხედავენ, უკეთესი იქნება, მარტო ხელებისა და ფეხების მომტვრევაზე და სხვა ორგანოების დაზიანებაზე თუ არ ისაუბრებენ. თუ ცოტა განათლებას სამედიცინო დარგშიც მიაღებინებენ თავის აქტივს, შენობის გამოყენება ამისთვისაც შეიძლება. რაც შეეხება პარლამენტიდან გასვლას, ეს თემა უკვე სასაცილოც არ არის, რადგან პარლამენტში ეს პოლიტიკური ჯგუფი, თუ მას შეიძლება პოლიტიკური ეწოდოს, ხალხის ნაწილმა აირჩია და მათგან პარლამენტში მუშაობას ითხოვენ, მაგრამ როცა ამის ინტელექტუალური რესურსი არ გაგაჩნია და მხოლოდ სახტუნაოზე ხტუნაობით აჩვენებ შენს დამსახურებებს, რა თქმა უნდა, სჯობს, პარლამენტიდანაც გახვიდე, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდე, მაგრამ ამის გაცვლა და ამ თემაზე ღლიცინი სააკაშვილთან დაკავშირებითი არათუ არასწორია, არამედ გარკვეულ სიმდაბლეზე მიუთითებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.