ვაჟა იორდანიშვილი: ტექინსპექტირებას რეგისტრირებული ტრანსპორტის, ფაქტობრივად, ნახევარი გადის, რაც ამ სფეროში სერიოზული გამოწვევაა

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ტექნიკურ ინსპექტირებას რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის, ფაქტობრივად, ნახევარი გადის, რაც სერიოზული გამოწვევაა.

ამის შესახებ იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტში განსახილველად ჯარიმების გაზრდის საკითხი იგეგმება, რადგან, როგორც ვიცით, აქამდეც და დღესაც ტექინპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმა 50 ლარია. მძღოლებს, რომელთა ავტომობილებიც გაუმართავი იყო და მათი შეკეთება საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ, ერჩივნათ, ტექინსპექტირება არ გაევლოთ, ჯარიმები გადაეხადათ და ასე პერიოდული ჯარიმების გადახდით ევლოთ. შედეგია ისიც, რომ ადმინისტრირების მიმართულებით პრობლემები გვაქვს, რაც რიცხვებშიც გამოიხატება. 1 600 000-მდე სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული და 2022 წელს ტექინსპექტირება 785 000-მა გაიარა, ანუ, ფაქტობრივად, ტექინსპექტირებას რეგისტრირებული ტრანსპორტის ნახევარი გადის, რაც ამ სფეროში, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევაა და, გარკვეულწილად, კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს როგორც ადმინისტრირების კუთხით, ისე – საფასურის გადახედვასთან მიმართებით.
ასევე, გზისპირა ინსპექტირებაზეც გარკვეული მოლოდინები გვაქვს. გარემოს დაცვის და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გარკვეული ჯგუფები იქნება გამოყოფილი, რომლებიც გზებზე გამონაბოლქვის გადამოწმებას მოახდენენ და იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ნორმებს ვერ დააკმაყოფილებენ, არსებული ტექინსპექტირება შეუწყდებათ, რა თქმა უნდა, თუ მათ ასეთი ვადები აქვთ“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები