მოლდოვის ვიცეპრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი, თეა ახვლედიანთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს ეწვია

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცეპრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს ეწვია.

ვიცეპრემიერი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ, უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მოისმინა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების, ასევე, ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევებისა და ინციდენტების თაობაზე.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზებთან არსებული ვითარების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებისა და ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

ოლეგ სერებრიანმა სახელმწიფო მინისტრისგან ასევე მოისმინა ინფორმაცია გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე მათ საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით მოქმედი დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის და მის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანთლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელების თაობაზე.

„მოლდოვის ვიცეპრემიერს დღეს შესაძლებლობა ჰქონდა, საოკუპაციო ხაზთან ადგილზე გასცნობოდა უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას, ასევე ინფორმაცია მიეღო საოკუპაციო ხაზების გასწვრივ აღმართული უკანონო ბარიერების, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვებისა და ჩვენი მოქალაქეების უკანონო გატაცებების თაობაზე, რაც საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის თანმდევ უმძიმეს შედეგებს წარმოადგენს. ამ პროცესში ნამდვილად კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არსებითია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და ინფორმირებულობა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

„ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, იხილო რეალობა ადგილზე, საოკუპაციო ხაზთან, ნახო რუსული სამხედრო ბაზა მეორე მხარეს. ეს არის საერთო ჩვენი რეგიონისთვის, რადგან გვაქვს ანალოგიური გამოცდილება დნესტრისპირეთშიც. როგორც იცით, რუსული სამხედრო ძალები იქ არალეგალურად განლაგებული არიან 1991 წლიდან. ჩემი ქართველი კოლეგისგან ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არის პრობლემები ადამიანის უფლებების კუთხით, სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ეთნიკური წმენდა ორივე რეგიონში და ასობით ათასი ქართველის ტრაგედია, რომლებსაც იძულებით მოუწიათ ამ რეგიონების დატოვება.
ვფიქრობ, ბევრი საკითხი გვაერთიანებს, სწორედ ამიტომ ქმედებები თბილისსა და კიშინოვს შორის უფრო კოორდინირებული უნდა იყოს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად. დღეს ასევე ვიყავი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან არსებული რეალობის შესახებ ბევრი შეკითხვა დავუსვი. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ეს არის ნამდვილად ძალიან ინფორმაციული და საინტერესო, მაგრამ ამასთან სამწუხარო გამოცდილება,‘’, – განაცხადა ოლეგ სერებრიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები