ელდარ შენგელაიას საიუბილეო რეტროსპექტივა გაიხსნება ფილმით – „არაჩვეულებრივი გამოფენა”
1 თებერვალს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში, ელდარ შენგელაიას საიუბილეო რეტროსპექტივა გაიხსნება ფილმით – „არაჩვეულებრივი გამოფენა”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, რეტროსპექტივა ეძღვნება ლეგენდარული ქართველი რეჟისორის 90 წლის იუბილეს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, 1-5 თებერვალს წარმოადგენს ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივას.
რეტროსპექტივას გახსნის ელდარ შენგელაიას 1968 წელს გადაღებული ერთ-ერთი გამორჩეული და ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“. მომდევნო დღეებში კი ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი იხილავს ფილმებს: „თეთრი ქარავანი“ (1963), „მიქელა“ (1965), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983), „სავარძელი“ (2017), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „შერეკილები“(1973) და „მრავალჟამიერი“ (ტრილოგია, 2022).
ფილმების ჩვენებები შედგება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. დასწრება თავისუფალია.