სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე – ლაშა მაღრაძე, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
სუს-ის ცნობით, ლაშა მაღრაძე, გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულის ფარგლებში, მონაწილებს ნიუ-იორკში მიმდინარე მსოფლიო კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირების კონფერენციაში, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს „ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი: მრავალმხრივი მიდგომებისადმი გლობალური ერთგულების განმტკიცება წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობითა და ქმედებით“.
“კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაიმართება პანელური დისკუსიები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებისა და მრავალმხრივი ქსელების გამოყენებით კოორდინაციისა და კავშირების გაძლიერების შესახებ.
საქართველოს დელეგაცია, ასევე, მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაში, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდება გაეროს კონტრტერორისტული სტრატეგიის განახლებული ვერსია.
კონფერენციის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია პარალელური ღონისძიებები, სადაც მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ”, – წერია ინფორმაციაში.