ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო იმ პოლიტიკის გამტარებელი ვერ იქნება, რაც შეიძლება, გახდეს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიის გამომწვევი 

“საქართველო ვერ იქნება იარაღის დისტრიბუტორი იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არ გააჩნია შესაბამისი შეიარაღება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველო თავისი ინტერესების სადარაჯოზე დგას.

„ვნახეთ, იარაღის მიწოდების თაობაზე დასავლეთი რამდენი ფიქრისა და განსჯის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. საქართველო იმ პოლიტიკის გამტარებელი ვერ იქნება, რაც შეიძლება, გახდეს საქართველოში რუსეთის აგრესიის გამომწვევი და მეორე ფრონტის ადგილი. საქართველო ფრენების აღდგენას არ ითხოვს, ეს არის რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადება, ფრენები მათ შეწყვიტეს და მათი გადასაწყვეტი საკითხია. რაც შეეხება ორმხრივ სანქციას, საუბარია იმაზე, რომ საქართველომ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს უნდა დაუწესოს. ამით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და ეკონომიკა დაზიანდება, რასაც არ ვაკეთებთ. საერთაშორისო სტატისტიკას ვუყურებთ და ვხედავთ, რომ ვაჭრობა, მათ შორის რუსეთისთვის სანქციის დამდებ ქვეყნებსა და რუსეთს შორის აქტიურად მიმდინარეობს. საქართველო თავისი ინტერესების სადარაჯოზე დგას, არავის ვესხმით თავს. მით უმეტეს, უკრაინას. ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ და უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვართ. თუ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს არ დაესხმება თავს, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ არავის ვესხმით თავს, პირიქით, უკრაინას მხარს ვუჭერთ. თუ უკრაინის მხარე საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების კორიანტელს შეწყვეტს, ეს იქნება კარგი ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები