საგარეჯოში სროლისას დაჭრილი 24 წლის გიორგი კენკაძე კვლავ მართვით სუნთქვაზეა

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ერთი პაციენტი კვლავ კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

24 წლის გიორგი კენკაძეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის და კიდურების არეში აქვს მიყენებული.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმის განმარტებით, პაციენტის სტაბილური მდგომარეობის შემდეგ, მას სავარაუდოდ, დამატებითი დიაგნოსტიკისთვის დედაქალაქში გადაიყვანენ. კლინიკიდან უკვე გაწერეს დანარჩენი დაჭრილები.

„ერთი პაციენტი გაწერილია კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ერთი, რომელიც კრიტიკულად მძიმე არის, განაგრძობს მკურნალობას. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აგრძელებს შესაბამის მკურნალობას კლინიკაში. არანაირ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მდგომარეობის გართულებას ადგილი არ აქვს“ ,- ამბობს ექიმი მამუკა ოთიაშვილი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, სროლის დროს დაშავებულ ხუთივე პირს, საგარეჯოს მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.

20 იანვარს, გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაღუპულები არიან – დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, შაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. დაშავდა 5 ადამიანი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები