ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს, ე.წ. „კრაკენს“ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადამდებლობა ახასიათებს

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. „კრაკენი“ სხვა დანარჩენ შტამებზე ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გოგინავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5, ე.წ. „კრაკენს“ ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადამდებლობა, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს ახასიათებდა. აქედან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში მასზე ძალიან დიდი ყურადღებაა მიპყრობილი და მიჩნეულია, რომ მას შეუძლია, სამყაროს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას და პანდემიის დასრულება, გარკვეულწილად, შეაფერხოს. რაც შეეხება მის გავრცელებას, ის ამჟამად რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია გავრცელებული. თეორიულად დასაშვებია, რომ შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც გავრცელდეს, ამაში რაიმე საშიშროებას და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები და მოწოდებები, რასაც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის აკეთებს. როგორც მოსახლეობა, ასევე ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა შეხვდეს, იმიტომ, რომ ჩვენ „ომიკრონის“ შტამებთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს.

ვიცით, რომ „ომიკრონს“ისეთი მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, როგორც „დელტას“ დროს იყო. ახალ შტამებზეც მსგავსი მონაცემებია – რომ „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან კლინიკურად დიდად არ განსხვავდება.

განსაკუთრებული საშიშროების შექმნა რამდენად შეუძლია, ეს ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშაა. უბრალოდ, მისი მთავარი ცუდი მახასიათებელი, რის გამოც საყურადღებო და შემაშფოთებელ შტამად არის აღიარებული, არის ის, რომ სხვა დანარჩენ შტამებზე ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება“,-განაცხადა გოგინავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები