გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, 12 295 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 12 295 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მათგან 509 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა. ყველაზე მეტი – 3 881 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება; 1 802 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 1 298 – ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 781 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია.
2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 718, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 1 843, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 1 103, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 754, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 397, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 366 და ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის 327 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 906 ფაქტია გამოვლენილი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 760 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს კახეთში.
2 730 ფაქტია გამოვლენილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 1 674, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 1 532, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 166, ქვემო ქართლში – 769, სამცხე-ჯავახეთში – 760 ფაქტი. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 62 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 842 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 19 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები