კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საჩხერის მუნიციპალიტეტში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფოს რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და პაოლო იაშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ. მინისტრმა პოეტის შთამომავლებს და ადგილობრივ მოსახლეობას პაოლო იაშვილის მშობლიური სახლის გაცოცხლება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამიერიდან სამინისტროს, ეროვნული მუზეუმისა და მუნიციპალიტეტის ძალისხმევით გახსნილ სახლ-მუზეუმში დამთვალიერებელი პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაეცნობა. თეა წულუკიანმა იმედი გამოხატა, რომ უახლოეს ხანებში სახლ-მუზეუმი ისევ იქცევა კერად, რომელიც ქართველ მწერლებს და არამხოლოდ მათ უმასპინძლებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ რესტავრირებულ შენობაში მუზეუმის სრულფასოვნად ფუნქციონირების მიზნით, სამინისტროს სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელთა მიერ დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა პირველ ეტაპზე შექმნა სამუზეუმო კონცეფცია, კერძოდ, სახლ-მუზეუმის ხუთი ოთახი დაიყო თემატურ სივრცეებად: პოეტის ბავშვობა და ოჯახი, ქუთაისის პერიოდი, მულტიმედიური სივრცე, ცისფერყანწელების დარბაზი და პაოლოს ოთახი. შეგროვდა და დამუშავდა საარქივო და ფოტომასალა, მოგროვდა შესაბამისი ეპოქის ავეჯი და რელიკვიური ნივთები. რესტავრირდა ოჯახის ავეჯი, დამონტაჟდა საინფორმაციო სტენდები და ვიდეორგოლები. მნიშვნელოვანია, რომ ექსპოზიციის შექმნისას მაქსიმალურად შენარჩუნდა მამაპაპისეული სახლის ავთენტური სახე. სამუშაოებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საჩხერის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი მოსახლეობა და პოეტის ოჯახი.
პაოლო იაშვილის მშობლიური სახლის სახლ-მუზეუმად და კულტურის კერად გადაქცევის მიზნით მუშაობა 2022 წლის აპრილში სწორედ კულტურის სამინისტროს ინიციატივით პოეტის შთამომავლებთან შეხვედრის შედეგად დაიწყო. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პოეტის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და თავად აცნობა მის ოჯახსა და შთამომავლებს, რომ პაოლო იაშვილის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამინისტრო სახლ-მუზეუმის კონცეფციის შექმნასა და კონცეფციის განხორციელებას დააფინანსებდა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს, სამინისტროს ხელშეწყობითა და ფონდის – „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ – ორგანიზებით პაოლო იაშვილის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად განხორციელდა პროექტი „პაოლო იაშვილი – „ელენე დარიანის დღიურები“.
კრებულის გამოცემით, დარგის სპეციალისტთა პროფესიონალური და კომპეტენტური ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე, განხორციელდა მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ქართული სიმბოლისტური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პოეტის, ლიტერატურის კრიტიკოსის, პროზაიკოსის, მთარგმნელის, „ქართველი ევროპეისტის“ – პაოლო იაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაცია და კიდევ ერთხელ შეფასდა ქართულ მწერლობაში მანამდე უპრეცედენტო მოვლენა – ლიტერატურული მისტიფიკაცია „ელენე დარიანის დღიურები“. მოცემული პროექტი სამინისტრომ მას შემდეგ განახორციელა, რაც გამოიკვეთა ტენდენცია პაოლოს შემოქმედების საზოგადოებისათვის არასწორად მიწოდების მიზნით. პროექტის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება.