იაგო ხვიჩია: გიული ალასანიას ჩანაწერებში საუბარია მასზე, ვინც მიხეილ სააკაშვილით სარგებლობს – შეუძლებელია პარაზიტებში ჩემი თავი მოვიაზრო
ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ ფარულ ჩანაწერებს, რომლის არც კონტექსტი ვიცით და არც ავთენტურობა, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.
დეპუტატის თქმით, ფარული ჩანაწერები ყურადღების გადატანას ემსახურება.
„მთელი პოლიტიკური სპექტრი და მედია ასეთ ჩანაწერებს დააფრიალებს და სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი თემა იფარება. ასეთი ჩანაწერები სწორედ ამ ინტერესს ემსახურება. შეუძლებელია, გიული ალასანიას განცხადებაში, პარაზიტებში ჩემი თავი მოვიაზრო, რადგან საუბარია მასზე, ვინც მიხეილ სააკაშვილით სარგებლობს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ის ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. გარდა ამისა, ალასანია ჩანაწერში ამბობს, რომ „რუსებსაც არ უნდათ ივანიშვილი“.
ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეა გაკეთებული და უცნობია, ვის ესაუბრება ალასანია. ამასთან “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.