გიორგი ცაგარეიშვილი: ჰოჯესი სავარაუდოდ, ლობისტური საქმიანობითაა დაკავებული – როყიო განცხადებები ფასდაკარგულია
“ჰოჯესი სავარაუდოდ, ლობისტური საქმიანობითაა დაკავებული, როგორც ბევრი ყოფილი სამხედრო. ამგვარი როყიო განცხადებები ფასდაკარგულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადების შეფასებისა აღნიშნა.
ცაგარეიშვილის შეფასებით, მსგავსი განცხადებები უხერხულია.
„ძალიან უხერხული განცხადებაა, ბატონი ჰოჯესი ყოფილი სამხედროა, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, სავარაუდოდ ახლა არის ლობისტური საქმიანობით დაკავებული, როგორც ბევრი ყოფილი სამხედრო, მას აქვს კონკრეტული მიზნები. „ლელოს” წარმომადგენლებსაც შეხვდა, ანაკლიის ე.წ. განუხორციელებელ პროექტთან დაკავშირებით, არ ვიცი, რა მიზნებით და რატომ „ლელოს“ მხოლოდ, ესეც გასარკვევია და შემდეგ გააკეთა ასეთი მჭექარე განცხადებები. ჩვენ რომ ვიყოთ ვინმეზე მიჯაჭვულები, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციაზე, დაახლოებით, 10 დღის უკან არავინ დაპატიჟებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბუქარესტში ევროკავშირის მიერ გამართულ სამიტზე, რომელსაც ესწრებოდა ქალბატონი ფონ დერ ლაიენი და იქ საქართველოს არავინ ხელს არ მოაწერინებდა სტრატეგიულ შეთანხმებაზე ელექტროკაბელებთან დაკავშირებით, რომელშიც მრავალი მილიარდი უნდა ჩადოს აშშ-ის უახლოესმა პარტნიორმა ევროკავშირმა. ჩვენ რომ ვიყოთ მიჯაჭვული რუსეთზე, როგორც ეს ბატონი აკეთებს როყიო განცხადებას, ამას საქართველოს არავინ გააკეთებინებდა. პროექტი დაძრულია უკვე, ეს რომ იცი, ე.წ. ექსპერტი ხარ და ამხელა თანამდებობა გეკავა, ჩამოდიხარ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირთან პროექტს ახორციელებს, უმაღლეს კომისართან ერთად ხელს აწერს შეთანხმებას და ამ ქვეყანას ეუბნები, რუსეთზე ხარ ჩამოკიდებულიო, ამას ან შეგნებულად აკეთებ, ან შენი ცხვირის იქეთ ვერ იყურები, სავარაუდოდ, შეიძლება ერთიც იყოს და მეორეც. უკაცრავად, ასეთ მკაცრ განცხადებაზე, მაგრამ ამგვარი როყიო განცხადებები მერე ფასდაკარგულია საზოგადოებისთვის, ე.ი. იმდენად პრიმიტიულად აზროვნებ და ანგაჟირებული ხარ პოლიტიკურად, გინდა ეს იარლიყი მომაკრა, რომ მე ვიღაცასთან გადაბმული ვარ”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, ბენ ჰოჯესმა განაცხადა: “მე არ მესმის, რატომ ეჯაჭვება საქართველოს ხელისუფლება მკვდარს, რომელიც არის კრემლი”.