საფონდო ბაზრის ამოქმედებით „ქართული ოცნება“ ისტორიულ მისიას შეასრულებს, ეკონომიკის ხერხემალი თუ გახდება ენერგეტიკა, სწორედ ამ ხერხემლის მთავარ მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს საფონდო ბაზარი, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საფონდო ბაზრის ამოქმედებით, ქვეყანა სწრაფი ეკონომიკური ზრდის ციკლზე გავა.
„როგორც ამ მოხსენების პირველ და მეორე ნაწილში ვნახეთ, არსებობს მაღალი კორელაცია საფონდო ბირჟის ლიკვიდობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის, ამასთან, საფონდო ბირჟის ლიკვიდობა კორელაციაშია ზოგიერთ არაფინანსურ ფაქტორთან, რომელიც არის ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი. ეკონომიკური ციკლების რეგრესია ან კონტრციკლური ფაზები ახდენს დაშვებას, რომ საფონდო ბირჟის ლიკვიდობა ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებას სხვადასხვა არაფინანსური ფაქტორების აღრიცხვის შემდეგაც, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე. მათ შორის: ინფლაციის, ფისკალური პოლიტიკის, პოლიტიკური სტაბილურობის, განათლების, სამართლებრივი სისტემის ეფექტურობის, გაცვლითი კურსის პოლიტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობისადმი ღიაობის გაკონტროლების შემდეგ, საფონდო ბირჟის ლიკვიდობა მომავალი გრძელვადიანი ზრდის საიმედო მაჩვენებელია!.
სხვა საინტერესო ფაქტორებიდან უნდა გამოიყოს დასაქმება, რომელიც როგორც ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის მთავარი ინდიკატორი, სერიოზულ ზეგავლენას ახდენს როგორც საფონდო, ისე ობლიგაციების და მთლიანად კაპიტალის ბაზრებზე, როდესაც ქვეყნდება ყოველთვიური დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკა.
ცხადია, რომ შრომის ბაზრის მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკის კეთილდღეობაზე. ეს დაფუძნებულია იმ წინაპირობაზე, რომ მზარდი უმუშევრობის გამო, ადამიანებს აღარ შეუძლიათ ინვესტიციების ჩადება უძრავ ქონებაში, აქციებში ან საჭირო შესყიდვების განხორციელებაში იმ კომპანიებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორპორატიული მოგებაზე. სამაგიეროდ, სწრაფი ზრდისას სწორედ უმუშევრობა კონპენსირდება მაღალი დასაქმებით და დანაზოგების ზრდით, რაც ზრდის ინვესტიციების ტრენდსაც და აქციების ფასსაც.
საფონდო ბაზრები სავაჭრო პლატფორმას უქმნის მთავრობებსაც. ზოგჯერ ადგილობრივ, სახელმწიფო ან მუნიციპალურ დონეზე, მთავრობას შეიძლება დასჭირდეს მეტი ფული, რათა განავითაროს სათემო საცხოვრებელი ფართი, ააშენოს წყლის გამწმენდი ნაგებობა ან დაიწყოს ნებისმიერი სხვა საჯარო პროექტი. საჭირო შემოსავლის ასამაღლებლად გადასახადების გაზრდის ნაცვლად, მას შეუძლია ობლიგაციების გამოშვება საფონდო ბაზრის მეშვეობით. როდესაც ინვესტორები ყიდულობენ ამ ობლიგაციებს, მთავრობას შეუძლია მოიზიდოს მისთვის საჭირო თანხა სხვადასხვა პროექტების დასაწყებად, რომლებიც შეამსუბუქებს ცხოვრების ღირებულებას ან თუნდაც შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.
კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად 2007-2008 წლებში გაუქმდა დამოუკიდებელი რეგულატორი და ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობა ჩაბარდა ეროვნულ ბანკს, რომლის მთავარ საზრუნავს ყოველთვის კონკურენტი საბანკო სფეროს განვითარება წარმოადგენდა და ფასიანი ქაღალდების ბაზარი უკეთეს შემთხვევაში მისი „გერის“ როლში თუ მოგვევლინებოდა (ხოლო უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ იგი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ბევრ ინსტიტუტს თავის კონკურენტადაც კი აღიქვამს); რაც მთავარია, ბანკებს მიეცათ უფლება უშუალოდ ჩართულიყვნენ ამ საქმიანობაში; ასევე გაუქმდა შეზღუდვები საფონდო ბირჟის მესაკუთრეობაზე და ბანკებს მიეცათ შესაძლებლობა სრულად დაპატრონებოდნენ კონკურენტი სფეროს ინფრასტრუქტურას; ამასთან, თუ ამ ცვლილებებამდე ბირჟაზე დაშვებულ ფასიან ქაღალდებზე გარიგებები აუცილებლად ბირჟაზე უნდა დადებულიყო, ამ ცვლილებების შემდეგ ეს მოთხოვნაც გაუქმდა. შედეგად, გარიგებათა 95%-ზე მეტმა ბირჟის გარეთ, გაცილებით გაუმჭვირვალე და არაკონკურენტულ გარემოში გადაინაცვლა. ქართული საბირჟო პრეისტორიის დეტალურ განხილვას აქ არც ვაპირებ, რადგან ეს საკითხი ვფიქრობ შესანიშნავად არის წარმოჩენილი Tengo Akhobadze გუშინდელ პოსტში-ფასიანი ქაღალდების ინდუსტრია საქართველოში.
ცნობილია, რომ როდესაც ბიზნესს აქვს წვდომა საფონდო კაპიტალზე, მათ შეუძლიათ ადვილად გააფართოონ თავიანთი ოპერაციები და შექმნან მეტი სამუშაო ადგილები. ეროვნული პერსპექტივიდან ეს შეამცირებს უმუშევრობის დონეს და საშუალებას მისცემს მთავრობას მიიღოს დამატებითი შემოსავალი ბიზნესის გადასახადებიდან.
არსებობს საფონდო ბაზრის წარმატებული ევროპული და ამერიკული მოდელები. შესაბამისად, უნდა გაანალიზდეს განვლილი პერიოდი, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობა, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის მიხედვით, და მთლიანად გადაიხედოს არსებული მოდელის მიზანშეწონილობა მისი საშუალო და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივით.
ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობა უნდა გამოვიდეს ეროვნული ბანკიდან და შეიქმნას ცალკე სტრუქტურის სახით, როგორც ეს პრაქტიკულად ყველა წამყვანი ეკონომიკის ქვეყანაშია. თავის მხრივ, კომერციული ბანკები, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მატარებელი მხარე, მიზანშეწონილია გავიდნენ საფონდო ბირჟის თანამფლობელობიდან. შეიძლება განხილული იყოს სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც, მათ შორის საფონდო ბირჟა ფუნქციონირებდეს რომელიმე წამყვანი ევროპული ბირჟის შვილობილი კომპანიის სახით.
და აქ მივადექით მთავარს, და მაინც რა იყო ბენდუქიძის რეფორმის რეალური მიზეზები?, აქ ჩემი შეხედულებით რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოიყოს.
მას და თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობდათ რეალური ლიბერალიზაცია, რომელიც მოიცავს როგორც კაპიტალის შემოდინების შეზღუდვების შემსუბუქებას ან დივიდენდების ან კაპიტალის რეპატრიაციის დაბრკოლებების შემცირებას, ასევე ნებისმიერ შემთხვევაში, საფონდო ბაზრის განვითარება მიგვიყვანდა მსოფლიო კაპიტალის ბაზრებზე ინტეგრაციამდე, შიდა ფასიანი ქაღალდების ფასების შესაბამისობაში მოყვანა მოხდება საერთაშორისო ბაზრებთან შესაბამისობაში;
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბენდუქიძის რეფორმების შედეგად, ფაქტობრივად გაუქმდა საფონდო ბაზარი, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერით შეიქმნა, ქართული სახელმწიფო მსხვილი ენერგო კომპანიები რუსეთს ე.წ დიდი პრივატიზაციის შედეგად არა ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს გადაეცა ან მიეყიდა მეტად საეჭვო ფასად! რუსული სახელმწიფო ლპომპანიებზე ქართული სახელმწიფო აქტივების გადაცემით, „ნაციონალური მოძრაობა“ ორ კურდღლის დაჭერას ცდილობდა, გარდა პირადი კომერციული ინტერესებისა, რუსეთი მათი ხელისუფლებაში გრძელვადიან ყოფნას არ უნდა შეწინააღმდეგებოდა!
საფონდო ბაზრის შემთხვევაში, ქართული კომპანიები, რომლებსაც თავად აკონტროლებდენ, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, იძულებული გახდებოდენ მთლიანად ტრანსფარენტული გაეხადათ ინფორმაციის გამჟღავნების პოლიტიკა და საანგარიშგებო სისტემები, ხოლო ფასწარმოქმნა წმინდა საბირჟო მექანიზმებით განხორციელებულიყო.
უფრო მეტიც, განვითარებად ბაზრებზე მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს ზეწოლა სავაჭრო სისტემების განახლებისა და სამართლებრივი სისტემების შეცვლაზე ვაჭრობის მხარდასაჭერად! რაც ბუნებრივია, არ შედიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში!
არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ასევე ამ პირველ ფაქტორთან კავშირშია, არის ამ რეფორმის პოლიტიკური აისბერგი. ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სულაც არ აპირებდა ხელისუფლების დათმობას 2012 წელს და როცა ეს რეფორმა დაიწყო სულ მინიმუმ 20 წლით მაინც აპირებდა ხელისუფლებაში დარჩენას. კომერციულ ბანკებთან საერთო ინტერესიც აქ უნდა ვეძიოთ.
გაცილებით ადვილი იყო ორი მსხვილი ბანკის მეშვეობით მთელი ბიზნესის დაფინანსების გაკონტროლება და ბიზნეს ტერორი, რომელსაც იმ წლებში ასე ფართო გავრცელება ჰქონდა, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესზე, „ნაციონალების“ დაფინანსების თუ ქონების გადაფორმების თვალსაზრისით ხორციელდებოდა.
“ნაციონალურ მოძრაობას” ნამდვილად არ სჭირდებოდა მესაკუთრეთა ფართო წრე, რადგან საშუალო ფენის შექმნა იყო მათთვის ეგზისტენციური საფრთხე ხელისუფლების დაკარგვისა. აქ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პლათფორმას არ ვგულისხმობ, ქართული საფონდო ბაზრის დაძირვაში არანაკლები წვლილი მიუძღვის ბატონ მამუკა ხაზრაძეს, რომელიც თი ბი სი ბანკს წარმოადგენდა.
წამყვანი ორი კომერციული ბანკის ინტერესი (აქ თი ი სი ბანკთან ერთად საქართველოს ბანკს ვგულისხმობ) გასაგები გახდება თუ გავითვალისწინებთ, რომ საფონდო ბირჟების გარეშე, ბიზნესი დიდწილად მიმართავს საბანკო სესხებს, რომლებიც უნდა დაფაროს პროცენტებით.
ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში ბიზნესებს შეუძლიათ საზოგადოებისთვის აქციების გამოშვება, და ამით საჭირო გრძელვადიანი თანხების მოზიდვა, რაც თან არ ახლავს საბანკო კრედიტზე დაფარვის ტვირთს (საჯარო კომპანიებს არ ეკისრებათ დივიდენდების გადახდის ვალდებულება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ზარალდებიან).
დიდწილად ამიტომაც იყო, რომ წლების შემდეგ მისი შეთავაზებები არადამაჯერებელი გახდა, როდესაც „ქართული მარშალის გეგმის“ ავტორად მოგვევლინა, საფონდო ბაზრის პრიორიტეტით ოღონდ უკვე ოპოზიციური პლათფორმიდან! თორემ საფონდო ბირჟის ეკონომიკური განვითარების ლოკომოტივად წარმოჩენის წინააღმდეგი არც არავინ არის. შესაბამისად, საფონდო ბაზრის რეფორმის ჩაგდება ემსახურებოდა როგორც პოლიტიკურ მოცემულობას, ისე ცალკეული ინტერესთა ჯგუფების მიზანს, დაუფლებოდნენ ქვეყნის ქონების მნიშვნელოვან ნაწილს. ამასთან, მოსახლეობის ლუმპენიზაციის გაძლიერებით, და სიღარიბის დონით მოეხდინათ მანიპულაცია არჩევნებზე, 5 კილო ხახვის და ფქვილის დარიგების ისტორიებიც სწორედ მათი მმართველობის წლებში ჰქონდა ფართო გაქანება, ხოლო სიღარიბის დონემ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია. თუ დღეს აბსოლუტურ სიღარიბეში ყოველი მე-6 ადამიანი რჩება, 2011-2012 წლებში ყოველი მესამე ამ ზღვარზე იყო გასული!
და ბოლოს, საფონდო ბაზრის ამოქმედებით „ქართული ოცნება“ ისტორიულ მისიას შეასრულებს, ეკონომიკის ხერხემალი თუ გახდება ენერგეტიკა, სწორედ ამ ხერხემლის მთავარ მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს საფონდო ბაზარი. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზირება, მათ შორის აქციონიზირება, უნდა მოხდეს სხვადასხვა მოდელით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა გახდნენ საკუთარი ქვეყნის აქტივების მესაკუთრეები. მით უმეტეს დღეს 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის ორჯერ შემცირებასთან ერთად, საშუალო ხელფასიც 3-ჯერ არის გაზრდილი. საფონდო ბაზრის ამოქმედებით, გავალთ სწრაფი ეკონომიკური ზრდის ციკლზე, და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარს, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსია, უკვე 2027 წელს გვექნება, ნაცვლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2030 წლის პროგნოზისა!
ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც უნდა წავახალისოთ და თან ჩვენმა მოქალაქეებმაც უნდა ჩადონ ფული არა სხვა ქვეყნების, რასაც წამყვანი ქართული ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ, არამედ პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის აქტივებში!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.