გიორგი ვოლსკი: კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში
“ანდრეი კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რაც 2008-ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში. რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში.
„იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამილიონერება-გამდიდრებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი, საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. განცხადების არაადეკვატურობას რაც შეეხება, ეს ახასიათებთ ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით. არა მარტო იარაღის გადაცემაზე, არამედ მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე იყო მოთხოვნა. უკრაინიდან თვითმფრინავებიც კი გამოაგზავნეს ჩარტერული რეისები, ამას არ დავთანხმდით, ვინაიდან ეს ომში ჩართვის ადეკვატური იქნებოდა. ამიტომ ვამბობთ მეორე ფრონტის გახსნა და საომარ პროცესებში საქართველოს ჩართვა ეს ის ინტერესია, რომელსაც დღემდე დაუფარავად აცხადებენ ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსნები. რაც შეეხება ილუზიის შექმნას, რომ ვიღაცამ უფასოდ რამე გადმოგვცა, რასაც კასიანოვი აღნიშნავს, ეს სხვა თემაა და მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს. როცა ამ თემაზეა საუბარი, ჩვენ ვამბობთ და სწორედაც ვამბობთ, რომ ჯერ ერთი, არავის არაფერი უჩუქებია, მეორე, იქ რა გარიგებები მოხდა, ეს კიდევ საკითხავია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები გამდიდრდნენ ძალიან საეჭვოდ, მაგრამ გადავიხადეთ ამაში ფული. მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ იარაღის გადაცემა ან მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნა არის ომში ჩართვის ტოლფასი. ამ თემაზე საუბარი არ შენელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობს: არ გულისხმობენ საქართველოს ომში ჩართვას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. გარდა ამისა, უკრაინამ ითხოვა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ები. მისივე თქმით, ამ კომპლექსებთან დაკავშირებით არსებობდა არამხოლოდ აშშ-ს თანხმობა, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც.