“თვითონ არ მოკლავდნენ ერთმანეთს, ვიღაცამ მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები თერჯოლაში დაღუპულ ცოლ-ქმარზე

იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში დაღუპული ცოლ-ქმარი იპოვეს. ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია და არ გამორიცხავენ, მკვლელობა სხვა პირის მიერ იყოს ჩადენილი. ერთ-ერთი ადგილობრივი თქმით, ცხედრები დილით ნახეს.

“დილით შეიქმნა წივილ-კივილი, რომ გამოვიხედეთ, ვერ მივხვდით რა ხდებოდა. მოვიდა რამდენიმე მანქანა, მერე ვიკითხეთ, რა ხდებოდა და აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი თოფით მოუკლავთ. 2 ცხედარი ნახეს დილით”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ასევე, ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ძარცვის კვალი არ არის.

“პირველი მეზობლის ბიჭი მისულა. ჩემთან უნდა მოსულიყვნენ და რომ არ მოვიდნენო, თვითონ მისულა მათთან. გამოვაღე კარი და ვნახე, ერთი ერთ მხარეს დაგდებული, მეორე მეორე მხარესო, სანადირო თოფი იქვე დაგდებული ძირს, თავისივე [გარდაცვლილი მამაკაცის] თოფი. ჩვენ არაფერი გაგვიგია, არც თოფის… მე უფრო ვფიქრობ, რომ ვიღაცამ მოკლა, ისეთი ცოლ-ქმარი იყვნენ, გამოვრიცხავ [ერთმანეთი მოეკლათ]. წასაღები ისეთი არაფერი ჰქონდათ და არც არაფერია წაღებული. არ ვიცი რა უნდა ვივარაუდო, თვითონ არ მოკლავდნენ ერთმანეთს, ვიღაცამ მოკლა…”, – აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები