ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!” გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!” სამი გამარჯვებული სტუდენტი დააჯილდოვა, რომელთა საკონკურსო ნამუშევრებიც სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ულტრათანამედროვე პრიზებთან ერთად, გამარჯვებულებს და კონკურსის სხვა წარმატებულ სტუდენტებს, კომუნიკაციების კომისია ასევე კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება. წარმატებული ნაშრომების ავტორები გადამზადდებიან და ცოდნას და გამოცდილებას კომისიის მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გადასცემენ.
კონკურსში პირველი ადგილი ვახტანგ ფაცაციამ დაიკავა, რომლის საკონკურსო ნაშრომიც ჩინეთის მხრიდან ევროპასა და აზიაში გაზის მიწოდების შეწყვეტას ეხებოდა. ვახტანგმა აღმოაჩინა „ალტ ინფოს” მიერ გამოქვეყნებული სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთი ტრანსპორტირების ხარჯების გამო აღარ მიაწვდის გაზს ევროპასა და აზიას. მან გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა წყაროს გამოყენებით და დაადგინა, რომ ჩინეთი მართლაც აღარ მიაწვდის გაზს ევროპასა და აზიას, თუმცა მიზეზი არა ტრანსპორტირების ხარჯებია, არამედ ის, რომ ევროპას ამ ეტაპზე იმაზე მეტი გაზი აქვს მარაგში, ვიდრე მას სჭირდება. ვახტანგ ფაცაციამ პირველი ადგილისთვის კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად iPhone 14 Pro მიიღო. მეორე ადგილზე გიზო ქემერტელიძე გავიდა, რომელმაც ნაშრომში განიხილა ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო”- ში ილონ მასკის განცხადება რუსეთის მიერ ყირიმის დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ინფორმაციის შესწავლისას გიზომ სტატიის ავტორისა და პირველწყაროს სანდოობაზე, ასევე ოფიციალურ წყაროებზე გაამახვილა ყურადღება და დაადგინა, რომ განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
გიზო ქემერტელიძეს კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად HP-ს ლეპტოპი გადაეცა. მესამე ადგილი მარიამ ტვილდიანმა დაიკავა, რომელმაც ჩერნობილში ელექტროსადგურებიდან რადიაციის გაჟონვის შესახებ „ფორმულას” მიერ გაკეთებული მასალა გადაამოწმა. მარიამმა ინფორმაცია საერთაშორისო წყაროებსა და ოფიციალურ ტვიტერის გვერდებზე მოიძია, რათა დაედგინა, რომ აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მარიამ ტვილდიანს საჩუქრად iPad გადაეცა.
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!” უკვე მერვედ, 5-ჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო მესამედ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩაატარა. ეს არის კონკურსი, რომლის მიზანი მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი.