დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მასთან მისულ მოსახლეობას არადიპლომატიური ენით მიმართა
“ვფიქრობ, პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მასთან მისულ მოსახლეობას არადიპლომატიური და არაადამიანური ენით მიმართა, რომელიც ჰგავდა ეზოდან ქუჩაში გადაძახილს“, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მიმართვა.
„როდესაც მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან მწარედ ახსოვთ ის წარსული, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად დამსახურებულად იხდის სასჯელს, მივიდნენ, მათ გაუჩნდათ ეჭვი, ხომ არ შეიწყალებს სააკაშვილს პრეზიდენტი. როდესაც ეს ეჭვი პრეზიდენტმა გაფანტა და თქვა, რომ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს, მაშინ არავინ მისულა მასთან, პირიქით, მოსახლეობას უდიდესმა ნაწილმა, პოზიტიურად შეაფასა მისი ეს განცხადება. მაგრამ ახლა, როდესაც საერთო კონტექსტი არის შტურმი, რომ ყველა გზით დაიხსნან ქვეყანაში არეულობისთვის შემოყვანილი მიხეილ სააკაშვილი და აქ პრეზიდენტის მკვეთრი პოზიცია არ ჩანს, რა თქმა უნდა მოსახლეობის კითხვის ნიშანი ლეგიტიმურია. პრეზიდენტმა დღეს ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო გააღრმავა. ეს იყო შეცდომა, მაგრამ იმედის ვიტოვებ, რომ ამ შეცდომას ბოლომდე არ ჩაჰყვება პრეზიდენტი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებმა სალომე ზურაბიშვილისგან მოითხოვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს.
ზურაბიშვილმა მის რეზიდენციასთან შეკრებილ მოქალაქეებს ასე მიმართა: “აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები?”