ილია დარჩიაშვილი: მისი უწმინდესობის ღვაწლი მრავალმხრივია, თუმცა განსაკუთრებით დიდია მისი როლი საქართველოში სულიერების აღორძინებისა და მსოფლიოსთვის უნიკალური ისტორიის მქონე ავტოკეფალიური ეკლესიის გაცნობის საქმეში
“დღეს სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინტრონიზაციას ზეიმობს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა. უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს ეკლესიისა და მთელი ქვეყნის სულიერ წინამძღვარს, რომელმაც განუზომელი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მისი უწმინდესობის ღვაწლი მრავალმხრივია, თუმცა განსაკუთრებით დიდია მისი როლი საქართველოში სულიერების აღორძინებისა და მსოფლიოსთვის უნიკალური ისტორიის მქონე ავტოკეფალიური ეკლესიის გაცნობის საქმეში – ეკლესიის, რომელიც ისტორიულად ქართული სახელმწიფოსა და ერის სამსახურში დგას და ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ქართული სახელმწიფოს ფორმირებისა და განვითარების მიმართულებით.
ჩვენი ერი სწორედ სულიერმა სიმტკიცემ, სარწმუნოებამ და ეროვნულმა თვითშეგნებამ მოიყვანა დღემდე, აკი თავადაც ბრძანებთ, რომ ორი ძალა – სულიერი და ეროვნული, გადაარჩენს ქართველ ერს და რომ ჩვენ სწორედ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ამას უნდა გავუფრთხილდეთ.
თქვენი ლოცვითა და კურთხევით, და თქვენი პირადი მაგალითით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას, მარადიული საკაცობრიო ღირებულებების დაცვას და მომავალი თაობისთვის გადაცემას.
კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, და გისურვოთ სიმხნევე, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ქვეყნისა და ერის სასიკეთოდ”,- წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.