გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული ე.წ ფანჯარა შუა დერეფნის ისტორიული ფუნქციის აღსადგენად
საქართველომ ეს რთული პერიოდიც მინიმალური დანაკარგებით უნდა გაიაროს, ჩვენ არა თუ ისტორიული შანსი გვეძლევა გლობალური მოთამაშეების ინტერესთა ბალანსისა, რაც ვერ შევძელით თუნდაც გასული საუკუნის 20-იან წლებში, არამედ თუ ჭკუით მოვიქცევით, შესაძლებელი იქნება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაცია შედარებით მოკლე დროში და ყოველგვარი სამხედრო კომპონენტის გარეშე განხორციელდეს, – წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
“კვირა” მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“შემოიღამებს მთის ნაპრალები და თუ როგორმე ისევ გათენდა..” დიდი მგოსნის და პატრიოტის ეს ენიგმისეული მეტაფორა, რარიგ ეხმიანება დღევანდელობასაც. საქართველო თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არაერთხელ მდგარა ამ ყოფნა-არყოფნის წინაშე. ტერიტორიებიც დაგვიკარგავს და სახელმწიფოებრიობაც!
ნუ ვიქნებით მიამიტები ან გულუბრყვილოები, ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვისა ჯერ კიდევ არ გადასულა დღის წესრიგიდან. ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ 3-წლიანი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რაც დიდწილად მაშინდელმა პირველი მსოფლიო ომის შემდგომმა რეალობამ წარმოშვა, არა თუ დამოუკიდებლობა დავკარგეთ, არამედ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილიც, ზოგი რომ გეოპოლიტიკამ შეიწირა და ზოგი აქაურ რენეგატთა და მოღალატეთა წითელმა არმადამ!
ყველაზე დიდი დანაკლისი კი რაც ამ საბედისწერო ცვლილებებს მოყვა ის იყო, რომ წითელმა ტერორმა შეიწირა ქართული სისხლის და ჯილაგის წამყვანი ნაწილი, როდესაც ბოლშევიკებმა ვაგონებში მიზანდასახულად დახვრიტეს ის თაობა, რომელიც თაობიდან თაობამდე ატარებდა საკუთარი ისტორიის გენეტიკურ კოდს!
დღეს თუ ჩვენ რაიმე გვჭირს, რაც ხელს უშლის საერთო ეროვნულ კონსენსუსს, დიდწილად ამ კოდის დაკარგვის შედეგია!
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ საფრთხის წინაშე ვიდექით ამ წლის დასაწყისში, როდესაც რუსეთმა დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა, არა მხოლოდ ნატოს გაფართოების დაბლოკვაზე, არამედ იმ სტატუს კვოს აღდგენაზე, როცა გასული საუკუნის ბოლოს ნატოს გაფართოება დაიწყო! უკრაინაში რუსული ინტერვენციის მთავარი მოტივიც უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყო და აქ ზოგიერთი გულუბრყვილო იდიოტის გასაგონადაც დავწერ, რომ თუ რუსეთს უკრაინის ბლიც კრიგი გაუვიდოდა და კიევს აიღებდა, შემდეგი სამიზნე ჩვენ ვიყავით სწორედ კონსტიტუციაში ნატოს ჩანაწერის გამო!
ამიტომაც დღევანდელი ხელისუფლების ხელაღებული კრიტიკა, არის კონტრპროდუქტიული და ჩვენი პოლიტიკური კლასის უმწიფრობის ნიშანიც, რადგან მოგვწონს ხელისუფლების გადაწყვეტილებები თუ არა, ამ მომენტუმიდან უნდა შეფასდეს და ნაკლებად გარედან წამოსული პრეტენზიების დუბლირებით თუ ანგაჟირებით!
ჩვენ გავდივართ ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ეგზისტენციალურ პერიოდს, რა დროსაც ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები არა თუ წარსულში დაგვაბრუნებს, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის ნანატრ იდეას დიდი ხნით დაგვავიწყებს! დიდი გეოპოლიტიკური რყევებისას, დიდი გადათამაშებებიც არაერთხელ მომხდარა გლობალური მოთამაშეების გარიგებების შედეგად და შედარებით მცირე ქვეყნების ინტერესთა საზიანოდ!.
საქართველომ ეს რთული პერიოდიც მინიმალური დანაკარგებით უნდა გაიაროს, ჩვენ არა თუ ისტორიული შანსი გვეძლევა გლობალური მოთამაშეების ინტერესთა ბალანსისა, რაც ვერ შევძელით თუნდაც გასული საუკუნის 20-იან წლებში, არამედ თუ ჭკუით მოვიქცევით, შესაძლებელი იქნება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაცია შედარებით მოკლე დროში და ყოველგვარი სამხედრო კომპონენტის გარეშე განხორციელდეს!
არავინ მოიტყუოს თავი, რომ ამ სცენარზე და აქ მხოლოდ რუსეთს არ ვგულისხმობ, სხვა აქტიორები დიდი სიხარულით დათანხმდებიან!
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული ე.წ ფანჯარა შუა დერეფნის ისტორიული ფუნქციის აღსადგენად, არა მხოლოდ ენერგომატარებლების გამტარის ფუნქციით, არამედ რეგიონალურ ჰაბად გადაქცევისათვის! ჩვენ უნდა ჩავსხდეთ ყველა გლობალურ პროექტში რომელიც საქართველოში შეიძლება დაიწყოს, ეს იქნება საქართველო-ევროკავშირის დამაკავშირებელი და შავ ზღვაზე გამავალი წყალქვეშა ელექტრო კაბელი თუ “მწვანე ენერგიის” მწარმოებელი ჰაბიც, რაც მრავალმილიარდიანი ინვესტიციების გარანტიაც გახდება, როგორც ევროკავშირიდან, ისე რეგიონის ქვეყნებიდან და თქვენ წარმოიდგინეთ აზიიდანაც კი. პირველ რიგში ისეთი მზარდი გეოპოლიტიკური ამბიციის მქონე ქვეყნიდან როგორიც ჩინეთია! ამით ჩვენ ყველა მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშის ინტერესთა ბალანსსაც მივაღწევთ, რაც იქნება ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარანტორი!
მთავარი საფრთხე რამაც ეს გეგმები და პერსპექტივა შეიძლება ჩაშალოს იქნება ჩვენი შინააშლილობა, რაც სამწუხაროდ ისტორიულადაც მოგვდევს, მაღალი პოლარიზაციის თანამდევი ნეგატიური ეფექტით, რაც დინამიტის ეფექტსაც ატარებს, და რომლის საჯილდაო ქვასაც უნდა ვაღიაროთ, რომ სააკაშვილის ფაქტორი წარმოადგენს!
მიმაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის გადასაწყვეტად და ეს “ქართულ ოცნებასაც” ეხება და არანაკლებ თუ მეტად არა ე.წ რადიკალურ ოპოზიციასაც! ხელისუფლების ოპონენტთა გასაგებადაც დავსძენ, რომ არც ერთ ქვეყანას არ უხარია და არც რაიმე ღირსებას მატებს, პრეზიდენტების ციხეში ჩასმა, რაც როგორც წესი არის ხოლმე უკიდურესი ნაბიჯი, მოქმედი ხელისუფლებების მხრიდან!
მაგრამ ამავდროულად, თუ ეს გადადის საერთო ეროვნულ კონფლიქტში უნდა მოიძებნოს გამოსავალი და არა მუშტების ქნევით ან რადიკალიზაციით, არამედ საერთო ეროვნული შეთანხმებით!
თუ გვინდა გავხდეთ წარმატებული ქვეყანა და საგარეო გამოწვევებს გავუმკლავდეთ, რაციონალური და გრძელვადიან პერსპექტივაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.
პოლიტიკის აქსიომაც ამაშია, რომ მიზეზი არეულობისა არც მტერს უნდა მისცე და არც მოყვარეს!” – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.