ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

გარემოს დაცვის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში მოისმინეს ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს, რათა ზედმიწევნით შესრულდეს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

„რაც ყველაზე მთავარია, საბოლოო ჯამში ამან უნდა უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება და ჩვენი მოქალაქეების ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზება. ბევრი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, გარემოს დაცვის სფერო იყო დერეგულირებული და დღეს ხელახლა გვიწევს ახალი სისტემების შექმნის და ახალი რეფორმების განხორციელების პროცესის პარალელურად ამ დარგის ხელახლა ინსტიტუციონალიზაცია ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ვსაუბრობთ ისეთი ფუნდამენტური უფლების დაცვაზე, როგორიც გარემოს დაცვის უფლებაა”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მან თემატურად წარმოადგინა სამინისტროს მიერ შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების შემცირების გზით ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაცვასა და ყველა სხვა საკვანძო საკითხს. მომხსენებელმა საქართველოს პარლამენტის მიმართ მადლიერება გამოხატა ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებულ ინიციატივებთან მიმართებით სრული მხარდაჭერისთვის.

„რა თქმა უნდა, ეს ერთობლივი სამუშაო პროცესია, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის და სტანდარტების დაახლოება ევროპულ მოთხოვნებთან და შემდგომში მისი პრაქტიკაში აღსრულება”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები