შემოსავლების სამსახურის უფროსი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის უფროსის, რუსტამ ბადასიანის მიწვევით, ქ. ერევანში იმყოფებოდა. მხარეებმა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პრინციპების დანერგვის აუცილებლობას, ასევე, დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, წინასწარი ინფორმაციის გაცვლის პროცესი.
შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ხელს შეუწყობს, ტვირთნაკადის სწრაფ გაზრდას და გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურებს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და მიუხედავად არსებული გამოწვევებისა შევძელით, როგორც დადებითი დინამიკის შენარჩუნება, ასევე საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება“,- აღნიშნა ლევან კაკავამ.
აღნიშნული ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის უფროსი ჯონი შურღულაია, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია – სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში გაიმართა.