“პუტინს სურს არა მშვიდობა, არამედ პაუზა გადაჯგუფებისთვის” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ კრემლის ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის განახლება უნდა, ხოლო მოლაპარაკებებისკენ მოწოდება – მოსამზადებელი პერიოდის გამონახვის მცდელობაა.

ამის შესახებ Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა 200 000-მდე ადამიანის მობილიზება მოახდინა და ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ხელმძღვანელობა დანაკარგებს არ იმჩნევს.

მისი თქმით, პარალელურად მოსკოვი ცდილობს იარაღსა და საბრძოლო მასალებზე მოელაპარაკოს სხვა ავტორიტარულ მოკავშირეებს, პირველ რიგში, ირანს.

”რუსეთს ომის გაყინვის იმედი აქვს, რომ დრო გადაჯგუფებისთვის, ძალების გადაიარაღებისთვის და შეტევის განახლების მცდელობისთვის ჰქონდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შობამდე ჯარების გაყვანა შესთავაზა, როგორც კონფლიქტის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. მაგრამ მოსკოვმა ეს წინადადება კატეგორიულად უარყო. ომი სწორედ პუტინმა დაიწყო და მას უკრაინიდან გასვლით მისი დასრულება დღესაც შეუძლია. ახლა არ არსებობს იმის ნიშნები, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ომების უმეტესობა, ადრე თუ გვიან, მოლაპარაკებებით მთავრდება და ზელენსკიმ კრემლს “მშვიდობის ფორმულა” უკვე შესთავაზა.

”მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული იმასთან, რაც ხდება ბრძოლის ველზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რომ შეძლოს შენარჩუნდეს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვის და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ ის, რაც სურთ – ძალით. ეს იქნება კატასტროფა უკრაინისთვის. ასევე, ეს გახდის მთელ მსოფლიოს უფრო საშიშს და ჩვენ ყველას უფრო დაუცველს. ამიტომ, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, შევინარჩუნოთ უკრაინის მხარდაჭერა ამ ზამთარს და იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, – ამბობს სტოლტენბერგი. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები