სეზონური გრიპი ბავშვებში – მკურნალობა და პედიატრის რჩევები – ინტერვიუ მარიკა ვაჩნაძესთან
სეზონური გრიპი და ვირუსები, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბავშვების ხშირი ავადობა – ეს ის პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა მშობელს აწუხებს. სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებების სიხშირეზე უკვე ბევრი საუბრობს. ამ დროს თავს იჩენს სეზონური გრიპი, რომელსაც სხვადასხვა სახის ვირუსი იწვევს, როგორიცაა ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური, პარაგრიპის და სხვა ვირუსები.
რა უნდა ვიცოდეთ სეზონური გრიპის შესახებ, როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ ვუმკურნალოთ მათ სახლის პირობებში – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პედიატრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი მარიკა ვაჩნაძე ესაუბრა.
– ბავშვებში სეზონური გრიპების და ვირუსების მიმდინარეობა – ძირითადად რა ჩივილები აქვთ ბავშვებს და გრიპის ან ვირუსის რომელი სახეობაა მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად გავრცელებული?
– დღეისათვის ბავშვებში გავრცელებული ვირუსული ინფექციები გამოხატულია, როგორც სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების, ასევე კანის მხრივ გამოხატული სიმპტომებით. ვირუსული ინფექციების დროს ბავშვებს აღენიშნებათ ერთი ან რამდენიმე სიმპტომი :
- მაღალი ტემპერატურა
- თავის ტკივილი
- ყელის ტკივილი
- ტონზილიტი ( გადიდებული და გაწითლებული ნუშურა ჯირკვლები)
- სურდო
- ცხვირიდან გაძნელებული სუნთქვა
- ხველა
- გულისრევა ან დიარეა
- კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარი
- საერთო სისუსტე
- უმადობა
– იმის ფონზე, რომ მომრავლებულია ბავშვებში ავადობა, ახლად გამოჯანმრთელებულ ბავშვებსაც ხშირად უბრუნდებათ გაციება და როგორ უნდა დავიცვათ ისინი ამისგან, როგორ გავუუმჯობესოთ/ავუმაღლოთ იმუნიტეტი?
– კარგი შეკითხვაა. ჯანმრთელი ბავშვი სიცოცხლის პირველ წლებში, როდესაც ფორმირდება იმუნური სისტემა, შესაძლოა წლის განმავლობაში 8-10 ჯერ იყოს გაცივებით ან ვირუსული ინფექციით ავად. ერთი ინფექციის დამთავრების შემდეგ, მალევე ავადდებიან სხვა შტამით. მშობელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვი სულ ავადაა. ბავშვებში ინფექცია ადვილად გადამდებია ახლო კონტაქტის გამო. პატარა ასაკში სეზონური ინფექციები არ მიმდინარეობს რთულად . ყველაზე კარგი მკურნალობა სახლში დარჩენაა. უნდა ვაცადოთ ორგანიზმს, ერთი ინფექციის გადატანის შემდეგ კარგად აღიდგინოს ძალები.
ამავე დროს, უნდა შევუწყოთ ხელი იმუნიტეტს გაძლიერებაში. ზოგადად
- ჯანსაღი კვება
- სუფთა ჰაერი და მზე
- რეჟიმი და სრულფასოვანი ძილი
მნიშვნელოვანია იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში.
იმ ბავშვთან, ვისაც აქვს ჯანმრთელობის თავისებურებები, ჩვენ კომპლექსურად ვუდგებით პრობლემას. ამ შემთხვევაში ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება ოპტიმალური სქემის შემუშავება და მეთვალყურეობის განხორციელება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
– რეკომენდაციები მშობლებს – როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ბავშვებს?
– როდესაც ბავშვი შეუძლოდ გრძნობს თავს , სიმპტომების გამოვლენისთანავე, სახლის პირობებში მკურნალობა კარგი გადაწყვეტილებაა. ბავშვის იმუნიტეტს უნდა მივცეთ საშუალება ებრძოლოს დაავადების გამომწვევს. მშობელს უნდა ახსოვდეს ,რომ ანტიბიოტიკი ვერ კურნავს ვირუსულ ინფექციას.
ჩვენ შეგვიძლია სიმპტომურად დავეხმაროთ ბავშვს:
- ხშირად შევთავაზოთ თბილი სითხე ან ელექტროლიტები
- პირველ დღეებში საკვებს თუ იღებს მცირე ულუფებით , არ დავაძალოთ მეტის მიღება
- ცხვირის გაჭედვის შემთხვევაში გამოვიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი ცხვირში ჩასასხმელად
- არ მივცეთ სიცხის დამწევი საშუალებები 38˚C -მდე.
ამით ხელს ვუწყობთ ორგანიზმს გაუმკლავდეს დაავადებას.
– როდის არის უმჯობესი ექიმთან ვიზიტი?
– ექიმთან ვიზიტი აუცილებელია თუ ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 48 საათი განმავლობაში:
- ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა სიცხის დამწევების მიცემის მიუხედავად
- არ წყდება პირღებინება და დიარეა
- გამონაყარი გაძლიერდა
- მოიმატა ძილიანობამ და სისუსტემ
- ბავშვი სათანადოდ ვერ იღებს სითხეს
- შეწყვიტა საკვების მიღება.
– რა ეტაპიდანაა აუცილებელი ამბულატორიული მკურნალობის დაწყება?
– ვირუსული ინფექციის დროს ბავშვს ხშირად აქვს საყურადღებო მდგომარეობა. ვირუსული ინფექციის დროს ვითარდება შეტევითი ხასიათის ხველა, სუნთქვის გაძნელება: ჭარბი ნახველის, ლარინგოსპაზმის ან ბრონქოსპაზმის გამო. ასეთ შემთხვევაში ექიმის მიერ უნდა შეფასდეს ბავშვის მდგომარეობა და ჩაუტარდეს მკურნალობა ამბულატორიულად, დღის სტაციონარში,სიმპტომების მოხსნამდე. ჩვენს კლინიკაში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩატარებული მკურნალობა ნაკლებ სტრესული იყოს ბავშვისათვის.
ხშირად ინფექციის დასრულების შემდეგ ხანგრძლივდება სურდო, ხველა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ მეთვალყურეობას ბინაზე მკურნალობის განმავლობაშიც.
– აუცილებელია თუ არა ფილტვების მოსმენასთან ერთად ფილტვების რენტგენიც?
ბავშვის ფიზიკურ შეფასებას ალტერნატივა არ აქვს. თუ ანამნეზიდან გამომდინარე ან ფილტვების აუსკულტაციით ექიმისთვის რაიმე საეჭვოა, ამ შემთხვევაში ინიშნება ფილტვების რენტგენოლოგიური კვლევა.
– ჩვენს გარშემო ბევრი მშობელი განიცდის იმ ფაქტს, რომ გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები არაეფექტურია. რამდენად მიზანშეწონილია ანტიბიოტიკის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე და თუ კი, მაშინ როდიდან, ვირუსის/გრიპის ნიშნების გამოვლენიდან რამდენი დღის შემდეგ?
– ვირუსს გააჩნია თავის განვითარების ციკლი და ამის მიხედვით იცვლება დაავადების კლინიკური სიმპტომები. ჩვენ შეგვიძლია ამ სიმპტომებს ვუმკურნალოთ და ბავშვს დავეხმაროთ ინფექციის დაძლევაში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანტიბიოტიკი ვერ კურნავს ვირუსულ ინფექციას.
ჩვენ ვცდილობთ პაციენტის მშობლის მაქსიმალურ ინფორმირებას , რა საფრთხის შემცველია ანტიბიოტიკების ხშირი და პრევენციის მიზნით გამოყენება. მით უმეტეს რომ არსებობს ახალი თაობის პრეპარატები, რომლებიც ძალზე ეფექტურია ადგილობრივი გამოყენების დროს.
– რამდენად მიზანშეწონილია გაციებული/ვირუსიანი ბავშვების გარეთ გაყვანა, გასეირნება, მით უმეტეს ქალაქში მცხოვრებლებისთვის, როცა საკუთარი ეზოები არ აქვს ყველას, სკვერებში კი სხვა ბავშვებიც არიან?
გაცივებულ/ვირუსის მქონე ბავშვისთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი. მისი ოთახი ხშირად უნდა გავანიავოთ. თუ ამინდი გვიწყობს ხელს, მცირე ხნით აივანზეც შეგვიძლია გაყვანა. სხვა ბავშვებთან კონტაქტს აუცილებლად უნდა მოვარიდოთ
ზოგადად, ბავშვებში გაცივება და სეზონური ვირუსული ინფექცია არ მიმდინარეობს რთულად. სწორი მეთვალყურეობის და ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინებით ბავშვის მოვლა და დროულად ექიმთან მიმართვა იძლევა სწორი შეფასების და მკურნალობის საშუალებას.