იოსებ ბაღათურია სეოკ-ის საანგარიშო სესიას დაესწრო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიასა და წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, დელეგატები, სპორტსმენები და სხვა მიწვეული სტუმრები. იოსებ ბაღათურია საანგარიშო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და მიმდინარე წელს მიღწეული წარმატებებისათვის ქართველ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა შეაჯამა მიმდინარე წელი. Მან ისაუბრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სტაბილურ თანამშრომლობაზე. ლერი ხაბელოვმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართულ ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. საანგარიშო სესიის შემდეგ სეოკ-მა დააჯილდოვა წლის საუკეთესო სპორტსმენები 11 ნომინაციაში. იოსებ ბაღათურიამ დააჯილდოვა წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სათმაშო სახეობებში – ხვიჩა კვარაცხელია. Პრიზი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ჩაიბარა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.