დიღმის მასივში ჯემალ ჭკუასელის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მდებარე სკვერს და ქუჩას მომღერლის, ფოლკლორისტის და მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სკვერის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ხელმძღვანელი ნინო ვარდოსანიძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, ასევე ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. ნინო ვარდოსანიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და საკრებულოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ცოტა ხნის წინ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის საკრებულომ ჯემალ ჭკუასელის სახელი დიდუბის რაიონში მდებარე სკვერსა და ქუჩას მიანიჭა, რომელიც დღეს გავხსენით. ეს მხოლოდ მცირედი გამოხატულებაა იმ მადლიერების, რასაც ბატონი ჯემალი ყველა იმ ქართველისგან იმსახურებს, რომლისთვისაც ქართული ხელოვნებაა ძვირფასი’’,- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გიორგი ტყემალაძემ მიმართა და ჯემალ ჭკუასელის შემოქმედებასა და ღვაწლზე ისაუბრა.
,,დღეს განსაკუთრებული დღეა. ოფიციალურად გავხსენით ბატონი ჯემალის სახელობის ქუჩა და სკვერი. ფასდაუდებელია ჯემალ ჭკუასელის ღვაწლი ქართული სამუსიკო ფოლკლორის გადარჩენის, აღორძინებისა და შენარჩუნების საქმეში. ამ ქუჩის და სკვერის არსებობა უამრავ ჯილდოსთან და ტიტულთან ერთად, ბატონი ჯემალისადმი სიყვარულის და პატივისცემის კიდევ ერთი დადასტურებაა’’,- აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
ჯემალ ჭკუასელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა ისაუბრეს. მათ შორის მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა გია ბაღაშვილმა, ,,ერისიონის’’ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და სხვა გამომსვლელებმა.