“მოწესრიგებული, კონკურენტული გარემო შეიქმნება, სადაც თამაშის წესები იქნება დადგენილი, უკანონო, სხვა გზებით ოპერირება არავის შეეძლება” – გელა კვაშილავა ავტოსადგურების რეგულირების საკითხზე

“მოწესრიგებული, კონკურენტული გარემო შეიქმნება, სადაც თამაშის წესები იქნება დადგენილი, უკანონო, სხვა გზებით ოპერირება არავის შეეძლება”, – ამის შესახებ ავტოსადგურების რეგულირების საკითხზე საუბრისას ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტმა, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კვაშილავას თქმით, დღეს საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანებისას მგზავრების მომსახურებისა და უსაფრთხოების დონე ძალიან დაბალია.

“საქალაქთაშორისო გადაყვანების მოწესრიგება ტრანსპორტის სფეროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა იმის გათვალისწინებით, რომ ავტოსადგურების შენობა, ინფრასტრუქტურა ძალიან
მოუწესრიგებელია, ავტოპარკიც გაუმართავია. ბუნებრივია, ამის შედეგი ის არის, რომ მგზავრთა მომსახურების დონე, უსაფრთხოება ძალიან დაბალია. ელექტრონულად ბილეთების შეძენის საშუალება არ არსებობს.

საქმე გვაქვს ავტოსადგურებთან, გადამყვანებსა და მომხმარებლებთან. ამ სამი კომპონენტის გათვალისწინებით, კონკრეტულად ფუნქციების გაწერა უნდა მოხდეს, თუ ვის რა ვალდებულებები ექნება, რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, შედეგი რომ მივიღოთ. მნიშვნელოვანია, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შემუშავდეს, რითაც ამ ელემენტებზე ზედამხედველობა მოხდება. მაგალითისთვის, თუ ავტოსადგურები გადამყვანებს მომსახურებაზე უარს იტყვიან, მაშინ შესაბამისი ინსტიტუტი უნდა ჩაერიოს. ბუნებრივია, ისე უნდა გადაწყდეს, რომ არავის უფლება დაირღვეს. რაც მთავარია, როცა მგზავრებსაც ექნებათ პრეტენზიები, მათაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, შესაბამის სამსახურს მიმართონ და ამ ყველაფერზე რეაგირება მოხდეს.

ჩემ მიერ წარმოდგენილ ფოტოებზეც ჩანს, რა მდგომარეობაშია ზოგიერთი ავტოსადგური. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა, ტურისტული ქვეყანა ვიყოთ, განვითარებაზე ვართ ორიენტირებული, განსაკუთრებით რეგიონების განვითარებაზე, უნდა ითქვას, რომ ავტოსადგურების მდგომარეობა, ლ თანამედროვე მოთხოვნებს არ პასუხობს. უკვე დროა, ეს სისტემა საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს. ეკონომიკის თვალსაზრისითაც ბიუჯეტში შენატანებიც გაიზრდება. ყველაზე მთავარი, რაც არის და რასაც მინდა, ხაზი გავუსვა – ამ სისტემის მოწესრიგება თავად სადგურების, გადამყვანების ინტერესებში შედის. პირველია ის, რომ მოწესრიგებული, კონკურენტული გარემო შეიქმნება, სადაც თამაშის წესები იქნება დადგენილი, უკანონო, სხვა გზებით ოპერირება არავის შეეძლება. ამ ყველაფრის მოწესრიგებას რამდენიმე წელი სჭირდება, მაგრამ უნდა დავიწყოთ. ეს, ბუნებრივია, იმასაც შეუწყობს ხელს, რომ როცა ამ სადგურების კლასიფიკაცია კატეგორიების მიხედვით მოხდება – I, II, III , ხელმისაწვდომობაც უნდა გაიზარდოს. მაგალითად, საქართველოში არის ადგილები, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს და ადამიანებს გადაადგილება, ძირითადად, ტაქსით უწევთ, რაც, ბუნებრივია, ძვირი უჯდებათ.
ჩემი მთავარი რეკომენდაცია ის არის, რომ როცა პროცესი დაიწყება, ამან მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას. დიდი ქალაქების გარდა, სხვა პუნქტებიც უნდა დაიფაროს, რათა ყველას, ადგილობრივს ,თუ ტურისტს ინფორმაცია ჰქონდეს, თუ რომელ საათზე, რა პირობებით, როგორ გადის ტრანსპორტი. როცა რამდენიმე წლის წინ კვლევა გავაკეთეთ, ვნახეთ, რომ სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოება ძალიან დაბალი იყო. ამაზე მონიტორინგიც საჭიროა, იგივე სიჩქარის კონტროლის, მძღოლების მდგომარეობის თვალსაზრისით. სადგურებს მგზავრებისთვის მოსაცდელები უნდა ჰქონდეს, ასევე, ოთახი მძღოლებისთვის.

ამ კანონპროექტის “დრაფტი” არსებობს. ის რომ სისტემა უნდა მოწესრიგდეს, ეკონომიკაში ჩაჯდეს,  ავტოსადგურებსა და გადამაყვანებს შორის გამიჯვნა მოხდეს, ავტოსადგურებს  მომსახურებაზე  გარკვეული ზღვარი უნდა დაუწესდეთ  – ეს ყველაფერი  კარგია.  ამ ეტაპზე უსაფრთხოების კუთხით თუ უფრო მეტი  აქცენტი გაკეთდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.  ეს  ჯერ კანონპროექტია. განხილვის ეტაპზე კიდევ სხვა პრობლემებიც გამოჩნდება. მე აქცენტს უფრო  2 კომპონენტზე გავაკეთებდი: უსაფრთხოების კუთხით უფრო მყარი გარანტიები ჩაიდოს  და  მეორე, არცერთი რეგიონი, დაბა, ქალაქი საზოგადოებრივი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გარეშე არ უნდა დარჩეს”,-  განაცხადა კვაშილავამ.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც ავტოსადგომების რეგულირებას ეხება.

“ავტოსადგომებთან დაკავშირებით ჩვენ გამზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება და შესაბამისად მოხდება ამ მიმართულების დარეგულირება, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელი ავტოსადგომები აბსოლუტურად დერეგულირებულია. შეიძლება ეს კარგი იყოს, მაგრამ ისინი ვერ პასუხობენ იმ მინიმალურ პასუხებს, რასაც ჰქვია ხარისხის, სანიტარული, უსაფრთხოების, თუ მგზავრებზე ზრუნვის სტანდარტები, მათ შორის, მომსახურების ხარისხი, იგივე ბილეთებს გაყიდვის, გრაფიკებთან დაკავშირებით საიმედოობა და ბევრი სხვა რამ. ეს ყველა დეტალი გაწერილია. რამდენიმე კატეგორიის ავტოსადგომი იქნება და საქართველოში მალე მივიღებთ იმ სტანდარტის ავტოსადგომს, როგორიც არის ევროკავშირში. როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმის მნიშვნელობაზე დამეთანხმებით რომ არის სფეროები, სადაც აშკარად გვაქვს ჩამორჩენა და მათ შორის, ერთ-ერთი არის ეს – ჩვენი ავტოსადგურები და ავტოსადგომები არც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს და არც ვიზიტორების“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები