შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად მოძლიერდეს სააკაშვილი, მისი და მისი მეგობრების ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებს არ ემთხვევა

მიხეილ სააკაშვილის, მისი მეგობრებისა და სახელმწიფოს ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვევა. სახელმწიფოს ინტერესია, სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად მოძლიერდეს, ხოლო სააკაშვილისა და მისი მეგობრების ინტერესია, ის რამენაირად დამძიმდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი და მისი მეგობრები ასეთი ქმედებით ცდილობენ, სასჯელის გადავადებისთვის შექმნან პირობები.

„ჩვენ მოვისმენთ გუშინ „ვივამედის“ დირექტორის ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან. მოვისმინეთ და ვნახეთ, რომ ექიმების მიმართ არის ძალადობის ფაქტებიც. ექიმებისადმი დაუმორჩილებლობა და ასეთი სახის ქმედებები, შიმშილობა, მათ შორის, განცხადებები, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფოს მხარესაა, ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდეს იმედი, დაიმძიმოს თავი, რათა რაღაცნაირად შექმნას პირობა მისთვის სასჯელის გადავადებისთვის. ვნახეთ „ვივამედის“ კლინიკის განცხადება. ფაქტობრივად, ერთმანეთს არ ემთხვევა ექიმების ინტერესი, გააჯანსაღონ სააკაშვილი და სააკაშვილის მეგობრების ინტერესი, რაც შეიძლება დამძიმდეს მდგომარეობა, რომ რამენაირად შექმნან პირობა სასჯელის გადავადებისთვის. გარკვეულწილად, კლინიკა დილემის წინაშე და გამოუვალ მდგომარეობაშია, რადგან სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მთელი ინტერესია, სააკაშვილის მდგომარეობა რამენაირად დამძიმდეს. ასეთი სახის ქმედებები, ისევე როგორც განცხადებები, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოზე, მიხეილ სააკაშვილს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ გათავისუფლებულია საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობისგან.

რაც უფრო მეტად დამძიმდება სააკაშვილის მდგომარეობა, ფიქრობენ, რომ უფრო მეტად შექმნიან გარემოებას, სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე იმსჯელოს. ხოლო კლინიკისა და სახელმწიფოს ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად მოძლიერდეს. სააკაშვილის, მისი მეგობრებისა და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. სახელმწიფოს ინტერესია, სააკაშვილი რაც შეიძლება მალე გაჯანსაღდეს, დაბრუნდეს, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოიხადოს სასჯელი, ხოლო სააკაშვილისა და მისი მეგობრების ინტერესია, რომ დამძიმდეს მდგომარეობა და რამენაირად მისცენ სასამართლოს ამის პირობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები