გიორგი ვოლსკი: აფხაზებთან პირდაპირ მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არის, იმიტომ, რომ სტრატეგიული გეგმა, რომელიც რუსეთს აქვს, არ ითვალისწინებს ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ცხინვალის რეგიონის, ოსების ერთმანეთთან საუბარს

„ჩვენ რომელ პოლიტიკურ სივრცეშიც არ უნდა ვიცხოვროთ, გეოგრაფიულ სივრცეს ვერ შევცვლით. დღეს ჩვენი დამოკიდებულებები განსხვავდება ერთმანეთისგან რომელიც აქვთ აფხაზებს და აქვთ ქართველებს, მაგრამ ერთი მხარეც და მეორე მხარეც თანხმდება ერთ რამეზე, მთავარ თემაზე, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის სამიზნიდან არ უნდა შეხედონ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ანგარიში მოისმინეს.

მისი თქმით, აფხაზებთან პირდაპირ მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არის, იმიტომ, რომ სტრატეგიული გეგმა, რომელიც რუსეთს აქვს, არ ითვალისწინებს ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ცხინვალის რეგიონის ერთმანეთთან საუბარს.

„არსებობს პლატფორმები, სადაც ჩვენ და აფხაზებს შეგვიძლია ერთმანეთთან ლაპარაკი, არსებობს ადამიანის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულებები, რასაც ჩვენ სამედიცინო სფეროში გავუკეთეთ ორგანიზება. ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობები შეგვიძლია განვავითაროთ, ახალგაზრდების ხელშეწყობის პლატფორმა ამოქმედებულია და ეს სერიოზული ნაბიჯია ამ მიმართულებით გაკეთებული. კულტურის სამინისტრო ჩართულია იმ თემებში, რასაც ჰქვია ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერა გალის რაიონში, სპორტის მიმართულებითაც მათ შორის. მაგრამ რაც ჩამოვთვალე ვერ იქნება მასშტაბური, ერთი სერიოზული პრობლემის გამო, რუსეთის ფედერაცია ახდენს ოკუპაციას არა იმ მიზნით, რომ აფხაზი დაიცვას ქართველისგან ან რამე ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს აფხაზებს. მას აქვს თავისი სტრატეგიული ამოცანა, რომელიც გაცილებით უფრო დიდი, მზაკვრული, პრაგმატული და ცივსისხლიანია. აფხაზებთან პირდაპირ მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არის, იმიტომ, რომ სტრატეგიული გეგმა რომელიც რუსეთს აქვს, არ ითვალისწინებს ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ცხინვალის რეგიონის ოსების ერთმანეთთან საუბარს. დაპირისპირება გაცილებით უფრო გლობალური და საფრთხის შემცველია, ბირთვულ დაპირისპირებასთან არის ახლოს, რომელიც რუსეთს გააჩნია დასავლეთთან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები