ბელარუსში ჯარის საბრძოლო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ ჯარის საბრძოლო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო.
უწყების რელიზში ნათქვამია, რომ, შემოწმება პრეზიდენტის დავალებით, უშიშროების საბჭოს სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელობით ტარდება.
„ზომები კომპლექსური ხასიათის იქნება. ჯარებს მოუწევთ უმოკლეს დროში დანიშნულ ტერიტორიებზე გადასვლა, საინჟინრო აღჭურვილობის განხორციელება, უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფა, ასევე, მდინარეებზე ნემანსა და ბერეზინაზე ხიდის გადასასვლელების აშენება“, – ნათქვამია მედიისთვის გავრცელებულ პრესრელიზში.
უწყებაში აცხადებენ, რომ მანევრების პერიოდისთვის ზოგიერთი რაიონის გზაზე გადაადგილება იქნება შეზღუდული.
უკანასკნელად ბელარუსის ჯარის უეცარი შემოწმება 11-12 ოქტომბერს ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სამხედრო და შეიარაღებისა და ტექნიკის 50-მდე ერთეული იყო ჩართული.