“პუტინის დეპუტინიზაცია გვჭირდება” – პეტრო პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ენერგეტიკას, საკვებს, ლტოლვილებს იარაღად იყენებს, ამიტომ, მსოფლიოს მისგან დაცვის საშუალება სჭირდება, საჭიროა პუტინის დეპუტინიზაცია.

ამის შესახებ მან “ამერიკის ხმის” უკრაინულ რედაქციას განუცხადა.

„პუტინი ენერგეტიკას იარაღად იყენებს, რის გამოც ღარიბი ქვეყნები ენერგიაზე მეტ ფულს იხდიან. ის საკვებს იარაღად იყენებს. მთელს მსოფლიოში ნახევარ მილიარდ ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება. პუტინი ლტოლვილების პრობლემას იარაღად იყენებს. პუტინი ყველაფერს იარაღად იყენებს და ჩვენ, მსოფლიოს პუტინისგან დაცვის საშუალება გვჭირდება, პუტინის დეპუტინიზაცია გვჭირდება“, – თქვა პოლიტიკოსმა.

მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯი შეიძლება, იყოს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება, არამედ –  ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაც.

“და ჩემი რჩევა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს პუტინთან დაკავშირებით ვაძლევ, ორი ნაწილისგან შედგება. პირველი, არ ენდოთ პუტინს. ძალიან გთხოვთ. ნუ გიხარიათ, თუ პუტინი რამეს აწერს ხელს. ეს არაფერს ნიშნავს. და მეორეც, ისწავლეთ უკრაინის მაგალითზე. ნუ შეგეშინდებათ პუტინის, და უკრაინასთან ერთად გაიმარჯვებთ. ახლა ევროპას და მსოფლიოს გიჟური რუსული აგრესიისგან არა მეხუთე მუხლი იცავს, არამედ, ევროპას ​ყვითელ-ლურჯი უკრაინული ფარი იცავს“, – განაცხადა მან.

პოროშენკოს თქმით, ახლა ევროპასა და ნატო-ს უკრაინა უფრო სჭირდება, ვიდრე – უკრაინას ნატო.

“გამარჯვება დამოკიდებული იქნება თანამშრომლობაზე. რაც მალე გავაკეთებთ ამას, მით უკეთესი იქნება. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი იარაღის მიწოდება, ეს არის უმოკლესი გზა მშვიდობისკენ. დაიმახსოვრე ეს. ეს არის ჩემი დასკვნა პუტინთან შეხვედრის შემდეგ”, – თქვა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ომზე პასუხისმგებლობა ეკისრება თუ არა მხოლოდ პუტინს, პოროშენკომ თქვა, რომ “ბევრი რუსი მხარს უჭერს პუტინს და, შესაბამისად, მასთან ერთად პასუხისმგებელია უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე”.

„ჩვენ უნდა შევზღუდოთ რუსეთის გავლენა მსოფლიოში, შევაჩეროთ რუსეთის გავლენა პრემიერმინისტრებზე, შევაჩეროთ რუსეთის გავლენა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, შევაჩეროთ რუსეთის გავლენა მედიაზე, რომელსაც რუსული ლობი აფინანსებს. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ პუტინმა არ გამოიყენოს დემოკრატიული მექანიზმი მსოფლიოში დემოკრატიული პროცესის ძირის გამოთხრისთვის იმიტომ, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი ტერიტორიისთვის, უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი ხალხისთვის, უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, მთელი დასავლური სამყაროსთვის და პუტინი ახლა ამბობს: “კარგი, რა არის უკრაინა, ჩვენ ნატოსთან ვომობთ, ანგლო-საქსებს ვეომებითო”. ამიტომ ეს იქნება ყველაზე ეფექტური გზა პუტინის შესაჩერებლად. მოგვეცით ფული, მოგვეცით იარაღი და უკრაინელი სამხედროები თავის საქმეს შეასრულებენ“, – განმარტა პეტრო პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები