აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ვაგზავნით თუ არა ჯარისკაცებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე, მილიონობით დოლარის ღირებულების“, – განუცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ნოემბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს დამატებითი დაფინანსების გამოყოფისკენ მოუწოდა, რათა შეერთებულმა შტატებმა კვლავ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.
მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა კონგრესს კიევისთვის დამატებით 37,7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა, საიდანაც 21,7 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, ასევე სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სახის თავდაცვითი მხარდაჭერისთვის. 14,5 მილიარდი დოლარი უკრაინის ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერისთვის, 626 მილიონი დოლარი უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სანავთობო რეზერვის მოდერნიზებისთვის, 900 მილიონი დოლარი სამედიცინო დახმარებისთვის, მათ შორის გათავისუფლებული უკრაინელი ტყვეების რეაბილიტაციისთვის.
როგორც გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, ომის დაწყებიდან დღემდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 19 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია.