ირანში ანტისამთავრობო აქციის უკვე მეორე მონაწილე სიკვდილით დასაჯეს.
მაჯიდ რეზა რაჰნავარდი ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩვეს.
მას ბრალად ედებოდა უშიშროების ძალების ორი თანამშრომლის დაჭრა და მკვლელობა.
საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სიკვდილით პირველი დასჯა ირანში 8 დეკემბერს მოხდა. ხელისუფლების პირველი მსხვერპლი მოჰსენ შეკარი გახდა, რომელიც ასევე ჩამოახრჩვეს, რამაც აღშფოთება გამოიწვია.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მაშინ თქვა, რომ მსოფლიომ არ შეიძლება, „თვალი დახუჭოს ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ საშინელ ძალადობაზე“.
ქვეყანაში პროტესტი უკვე მესამე თვეა, გრძელდება. ადგილობრივების შეშფოთება გამოიწვია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებამ, რომელიც სექტემბერში ქვეყნის ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა და აწამა, მოგვიანებით კი ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა.