შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1955 წელს დაბადებული, მ.წ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ ზ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.