გაერო: ბელარუსი უკრაინული მარცვლის ტრანზიტზე ნებართვას გასცემს
ბელარუსი წინასწარი სატრანზიტო პირობების გარეშე უკრაინული მარცვლის საკუთარ ტერიტორიაზე გატარებისა და ლიეტუვაში მისი სამომავლო ექსპორტისთვის ნებართვის გაცემაზე თანახმაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, გაეროს პრესმდივანი სტეფან დიუჟარიკი ავრცელებს.
მისი თქმით, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური ამბრაზევიჩი გასულ პარასკევს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერშს შეხვდა. მოლაპარაკებების ფარგლებში ბელარუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა წინასწარი პირობების გარეშე მზად იქნება უკრაინული მარცვლის ტრანზიტისთვის.