განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ თელავში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის – ნუნუ მიცკევიჩის ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობს რეგიონული საინფორმაციო კამპანია ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები თელავში ჩატარდა: 7 დეკემბერს, ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის წარმომადგენლებმა: ნინო სულავამ და მაია ასათიანმა, თელავის სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებთან თელავის N1 საჯარო სკოლაში გამართეს საინფორმაციო შეხვედრა. ხოლო 8 დეკემბერს მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა შედგა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი დაესწრო.

ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრებზე დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს სასტიპენდიო პროგრამების შესახებ ინფორმაცია, თითოეული პროგრამის მიზნები, საკონკურსო პროცედურები და პირობები. მათ შორის, ისაუბრეს უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება ა/წ 15 ნოემბერს დაიწყო და 16 იანვრამდე გაგრძელდება.

Stipendium hungaricum არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პარტნიორული სასტიპენდიო პროგრამა, რომლის შედეგადაც, 2017 წლიდან დღემდე, საქართველოდან 300-ზე მეტმა სტუდენტმა გააგრძელა სწავლა უნგრეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, პროგრამის ფარგლებში სწავლა ფინანსდება როგორც საბაკალავრო, ასევე – სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიურ საფეხურებზე. ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ ინფორმაციის შეუზღუდავად ხელმისაწვდომობის მიზნით რამდენიმე საკომუნიკაციო რესურსი მოქმედებს: გარდა რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობისა, ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, პროგრამებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციის გავლა შეუძლიათ განათლების საერთაშორისო ცენტრში (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული).
ამავდროულად, ყოველ სამუშაო დღეს ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა ასევე შესაძლებელია სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის iec@iec.gov.ge მეშვეობით. რეგიონული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები უახლოეს მომავალში სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიგეგმება. ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები