“რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შემცირებულია” – ოლაფ შოლცი
საერთაშორისო ზეწოლის საპასუხოდ, იმის რისკი, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, შემცირებულია.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, – წერს Reuters-ი.
„ომი უცვლელი სისასტიკით გრძელდება, თუმცა, ამ მომენტისთვის რაღაც შეიცვალა. რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით აღარ იმუქრება. ეს არის რეაქცია იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ წითელი ხაზები განსაზღვრა“, – განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, ღრმა განსხვავებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ კრემლთან დიალოგი გაგრძელდეს.
შოლცმა ასევე თქვა, რომ პუტინმა უნდა შეწყვიტოს ომი და ამის შემდეგ იგი მზად არის, რუსეთთან ილაპარაკოს ევროპაში შეიარაღების კონტროლზე, რაც, კანცლერის თქმით, ომამდეც იყო შეთავაზებული.
რაც შეეხება გერმანიის მხრიდან უკრაინის დახმარებას, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ვაშინგტონის შემდეგ ბერლინი კიევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, მათ შორის, იარაღის მიწოდებაში.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი ომი არ მოხდეს. ასეთ კონფლიქტში მხოლოდ დამარცხებულები იქნებიან – მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა მან.