საფრანგეთი რუსეთის დანაშაულებების გამოსაძიებლად სპეცტრიბუნალს ქმნის – მოსკოვში პარიზის დემარშზე საუბრობენ

რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, საფრანგეთმა სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა საფრანგეთის პრიორიტეტია. ჩვენ მობილიზებულები ვართ როგორც უკრაინის მართლმსაჯულების სისტემის, ასევე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდასაჭერად, რომლებიც კომპეტენტურნი არიან, ჩაატარონ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიებები, რომ ამ დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ტრიბუნალი ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად იქმნება.

საფრანგეთში გაკეთებულ განცხადებას რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსეი ჩეპა გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის “მორიგი პოლიტიკური დემარში”.

„მესმის, რომ ეს არის მორიგი პოლიტიკური დემარში და საფრანგეთს უნდა ეფიქრა, სად იყურებოდა საფრანგეთის, პოლონეთის, გერმანიის ხელმძღვანელობა, როდესაც ისინი მოქმედებდნენ, როგორც გარანტები, უკრაინაში 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების დროს, როდესაც დაიღვარა პირველი სისხლი და ამის შემდეგ, რვა წლის განმავლობაში იყო გენოციდი და ათასობით, ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი“, – თქვა ჩეპამ.

30 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ინიციატივით, გაერო-ს ეგიდით, შეიქმნას საერთაშორისო სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს და დამნაშავე პირებს პასუხისგებაში მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები