ირაკლი კობახიძე: შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა – თუ სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდესა და არეულობას შორის არჩევანს გააკეთებს არეულობაზე, ეს ნაბიჯი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს
„შეწყალება არა ჩვენი, არამედ პრეზიდენტის პრეროგატივაა. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიმეოროთ ის, რომ ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. იცის, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ამავე მიზნით სურთ მისი გათავისუფლება”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს გააკეთებს სიმშვიდესა და არეულობას შორის არეულობაზე, ეს ნაბიჯი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.
“შეწყალება არა ჩვენი, არამედ პრეზიდენტის პრეროგატივაა. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიმეოროთ ის, რომ ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. იცის, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ამავე მიზნით სურთ მისი გათავისუფლება, ეს ინტერესი საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს და ამის მიხედვით გააკეთოს დასკვნები. თუ სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდესა და არეულობას შორის არჩევანს გააკეთებს არეულობაზე, ეს ნაბიჯიც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. როდესაც კონკრეტული ადამიანები ნერვიულობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში ქვეყნის ასარევად და პირდაპირ მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მათ არაფერი ადარდებთ, გარდა იმისა, რომ უნდათ ქვეყანაში მდგომარეობის არევა სააკაშვილის გათავისუფლებით“, – განაცხადა კობახიძემ.