უკრაინელ ლტოლვილებს პოლონეთში, სასტუმროებში ცხოვრებისთვის ნაწილობრივ ფულის გადახდა მოუწევთ

პოლონეთის მინისტრთა კაბინეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საცხოვრებელში, ქირის ფული ნაწილობრივ უნდა გადაიხადონ.

გათვალისწინებულია, რომ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 120 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში „კოლექტიურ საცხოვრებელ ცენტრებში“ ცხოვრობენ, მაგალითად, სასტუმროებსა და ჰოსტელებში, კვების და განთავსების ღირებულების 50%-ის გადახდა მოუწევთ, მაგრამ არაუმეტეს 40 ზლოტის (8,87 დოლარი მიმდინარე კურსით) დღეში.

მათ, ვინც 180 დღეზე მეტხანს ცხოვრობს, 75%-ის გადახდა მოუწევთ, დღეში 60 ზლოტამდე.

გამონაკლისია მათთვის, ვინც ასაკის ან ავადმყოფობის გამო მუშაობას ვერ ახერხებს, ასევე, ორსულებისთვის.

პოლონეთის მთავრობას სურს, რომ ახალი წესი 1-ელი მარტიდან ამოქმედდეს. კანონი სეიმმა უნდა მიიღოს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ დეპუტატები მას მხარს მარტივად დაუჭერენ.

BBC წერს, რომ პოლონეთში მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. ომის ფონზე, ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა, გაძვირდა საცხოვრებელი სახლები, მთავრობას კი საბიუჯეტო სირთულეები შეექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები