დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზული კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა მერაბ ჩუხუამ კომიტეტის წევრებს ცენტრის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
მომხსენებელმა კავკასიური პოეზიის ფესტივალზე „ანაკლია-2022″ ისაუბრა. მისი თქმით, ფესტივალი ჩერქეზული კულტურის ცენტრის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა პოეტებმა, მწერლებმა, მუსიკოსებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა მიიღეს მონაწილეობა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ფესტივალი იმის მაგალითია, რომ საქართველო აძლიერებს ძალისხმევას კავკასიური კულტურის შენარჩუნების, შემოქმედებითი თავისუფლებისა და ერთიანობისთვის რეგიონში. სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის, ჩერქეზული კულტურის ცენტრისა და ვარშავის უნივერსიტეტის ევროპულ კვლევათა ცენტრის ორგანიზებით გამართულ პირველი საერთაშორისო კონფერენციაზე „ჩერქეზი ხალხის ეთნოკულტურული პრობლემები”.
როგორც მერაბ ჩუხუამ განაცხადა, კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლების ყველა წარმოდგენილი თემა ეხებოდა ჩერქეზებს.
საუბარი ასევე შეეხო კავკასიელ მკვლევართა პირველ საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიურ კონგრესს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და ჩერქეზი მწერლის მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ-გირაი) დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
მომხსენებლის თქმით, კონგრესში სხვადასხვა ქვეყნებიდან 200-ზე მეტი მეცნიერი იღებდა მონაწილეობას. ქართველ და ევროპელ მეცნიერებთან ერთად, მოხსენებები წაიკითხეს ჩრდილოეთ კავკასიის მკვლევარებმა – ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ჩერქეზული რესპუბლიკებიდან და ოსეთიდან. დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ჩრდილოკავკასიური ურთიერთობების გაღრმავებას და კავშირების განმტკიცების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.