მეუფე სვიმეონი: სახელსაც ვერ ვარქმევ ამ მანიაკალურ დამოკიდებულებას – არამარტო ტელევიზიების, ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია ის, რაც ჩვენს ეპარქიაში მოხდა
“სახელსაც ვერ ვარქმევ ამ მანიაკალურ დამოკიდებულებას”,- ასე გამოეხმაურა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტს.
მეუფე სვიმეონმა საუბრისას სიძულვილის ენაზე გაამახვილა ყურადღება.
“ეს არ არის უბრალო ამბავი. მსგავსი შემთხვევა კომუნისტების დროს, ეკლესიის დევნის დროსაც კი არ მომხდარა. არ ვიცი რა დავარქვა ამას, სახელსაც ვერ ვარქმევ ამ მანიაკალურ დამოკიდებულებას. ის, რაც მოხდა შემიძლია ვთქვა, რომ არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რა სიძულვილიც საზოგადოებაში ითესება ყოველდღე. ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორად მიტანა საზოგადოებასთან იმ აზრის, რასაც ვამბობთ ჩვენ. სამწუხაროა – არა მხოლოდ ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია, ის რაც მოხდა ჩვენს ეპარქიაში. წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე, მრავალ სასულიერო პირებზე და მოჰყვა კიდეც ეს შედეგი. სიძულვილის ენამ მიიყვანა საქართველო იმ მდგომარეობამდე, რომ ქართველი კაცი ადგა ეკლესიის წინააღმდეგ. ასეთი რამ არ მახსოვს, რომ ეკლესიაში მონაზონზე ასეთი თავდასხმა მოხდეს”, – განაცხადა მეუფე სვიმეონმა.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში გუშინ ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც ერთ-ერთი მონაზონი დაშავდა. ის სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.
პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.