ნიკა მელია: ჩემი თანადგომა ყველა ქალს, რომელზეც ძალადობენ, ჩაგრავენ და ავიწროებენ

ხან სიტყვებიც არ მყოფნის, ან რა უნდა თქვა, როდესაც ქალებს ჩაგრავენ ან, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც კლავენ მათ. რა უნდა უწოდო იმ „კაცს“, რომელიც ძალადობს და ჩაგრავს ქალს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად?!, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირებულ ფემიციდსა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.

როგორც მელია წერს, ძალადობა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ კულტურასთან შეუთავსებელია.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი თანადგომას უცხადებს ძალადობის მსხვერპლ ყველა ქალს.

“დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

სამწუხაროდ, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ძალადობენ ქალებზე.

ხან სიტყვებიც არ მყოფნის, ან რა უნდა თქვა, როდესაც ქალებს ჩაგრავენ ან, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც კლავენ მათ.

რა უნდა უწოდო იმ „კაცს“, რომელიც ძალადობს და ჩაგრავს ქალს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად?!

ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია, მეტიც შეუთავსებელია ჩვენს კულტურასთან, ისტორიულ წარსულთან – ამ ქვეყანაში ქალებზე არათუ არ ძალადობდნენ, ქალები წარმოადგენდნენ ძალადობის შემაჩერებელ ძალას – დაპირისპირებული მხარეები ჩერდებოდნენ, როცა მათ შორის ჩნდებოდა ქალი მანდილით.

ევროკომისიის 12- პუნქტიან რეკომენდაციაში ერთ-ერთი პუნქტი ეხება სწორედ გენდერულ თანასწორობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. სრულიად გაუგებარია, რა არის ამ საკითხში მაინც სადავო, რატომ ვერ უნდა ვთანხმდებოდეთ? ერთადერთი მიზეზი არის ნების არარსებობა!

ჩემი პატივისცემა ყველა ორგანიზაციას და ადამიანს, ვინც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იბრძვის!

ჩემი თანადგომა ყველა ქალს, რომელზეც ძალადობენ, ჩაგრავენ და ავიწროებენ”, – წერს მელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები