საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ ლუქსემბურგის საგარეო და თავდაცვის კომიტეტებთან ერთობლივი სხდომა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

პარლამენტის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის მუშაობაში, რომელიც საქართველოს საკითხს დაეთმო. კომიტეტის სხდომაზე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ფართო შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება მიმოიხილა.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველო-ლუქსემბურგის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე და შეთანხმდნენ, რომ მომავალში ამ მიმართულებით მუშაობას გაააქტიურებენ, რადგან არსებობს დიდი პოტენციალი, რომ ორმხრივი კავშირები მნიშვნელოვნად განვითარდეს. ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგელ კანონმდებლებს პარლამენტის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ლუქსემბურგელმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს.
ლუქსემბურგელმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ქვეყნის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გვქონდა საინტერესო დისკუსია საქართველოს შესახებ. ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მართავს საკომიტეტო მოსმენას საქართველოს შესახებ, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება.
ლუქსემბურგელმა კანონმდებლებმა დადებითად შეაფასეს როგორც პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობა, ასევე ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გატარებული რეფორმები და ქვეყნის პროგრესი. ვფიქრობ, რომ ჩვენს ვიზიტი დადებით გავლენას მოახდენს ლუქსემბურგის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები