“პირდაპირ ვამბობთ, რომ ასეთ განცხადებებს, შეკრებებს, მიღებულ რეზოლუციებს ჩვენზე არანაირი გავლენა და ფასი არ აქვს” – გიორგი ამილახვარი – ანა ფოტიგას განცხადებაზე

ასეთი სახის განცხადებებს, შეკრებებსა და მიღებულ რეზოლუციებს ჩვენზე არანაირი გავლენა და ფასი არ აქვს, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადება, სადაც ფოტიგამ აღნიშნა, რომ 29 ნოემბერს „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტთა“ ჯგუფი გამართავს პანელს, რომლის მთავარი თემა იქნება „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.

ამილახვრის თქმით, ევროკავშირის ობიექტური წარმომადგენლების შეფასებებია, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ ნაბიჯებს დგამს და 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელება მიმდინარეობს.

„ეს ოდიოზური ევროპარლამენტარებისა და მათი მესვეურების ხაზის გაგრძელებაა, რაც აქამდე არაერთხელ გვინახავს. სამწუხაროდ, მათი გარკვეული მოსაზრება რეზოლუციებში გვხვდება. პირდაპირ ვამბობთ, რომ ასეთ განცხადებებს, შეკრებებს, მიღებულ რეზოლუციებს ჩვენზე არანაირი გავლენა და ფასი არ აქვს. კონტექსტის უკან, სადაც ობიექტური სიმართლე არ დგას და მტკიცებულებები არ არის, გარკვეული ჯგუფის, მათ შორის, ევროპარლამენტარების მიერ მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით დალობირებული საკითხებია. ალბათ, მორიგ სერიას ვნახავთ, როგორი იქნება მოწოდებები, რომ მოხდეს ბიძინა ივანიშვილის და სხვა პირების დასანქცირება, დეოლიგარქიზაცია, რა ნარატივსაც ბოლო თვეების განმავლობაში უწყვეტად ვისმენთ. მეორეს მხრივ, ამის საპირისპიროდ ვხედავთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს, მათ შორის ევროკავშირის ობიექტური წარმომადგენლების შეფასებებს, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ ნაბიჯებს დგამს და 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელება მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები