გიორგი ამილახვარი: არ გვაქვს პრობლემა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონსულტაციები და ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ აღნიშნული კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ისევე, როგორც უკრაინის მიერ გადაგზავნილი კანონის დასკვნა ვენეციის კომისიაზე, ასევე, ჩვენ მიერ გადაგზავნილიც იქნება რელევანტური და პოზიტიური. რაც შეეხება ოპონენტების მიერ დაინიცირებულ ალტერნატიულ ვერსიას, ალბათ აქ სახელწოდებას უნდა მოვაცილოთ “დე” და უფრო გამოდის მათი კანონპროექტი, რომელიც არის ოლიგარქების დასაცავად შექმნილი. მათი მთავარი სამიზნე რაც არის – ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილსაც კი მათი ვერსიით, არ და ვერ ეხება ეს კანონპროექტი. შესაბამისად, ერთადერთი ამოცანა მათი კანონპროექტის ვერსიის არის, რომ დაიცვან თავიანთი დამფინანსებელი ოლიგარქი დავით კეზერაშვილი”, – განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული.