საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.5%-ით გაიზარდა

იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.5%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, 6 136.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია.

„2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 228.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 546.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (34.0 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 10 682.4 მლნ. აშშ დოლარს (33.3 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, 6 136.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2017-2022 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (607.5 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (541.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (530.3 მლნ. აშშ დოლარი).

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 916.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 416.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (921.0 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 295.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 946.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 528.4 მლნ. აშშ დოლარი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები