გია ვოლსკი: როგორც ჩანს, ვალერი გელბახიანმა სტრატეგია აირჩია, როცა სკანდალური განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს საკუთარ პერსონაზე, როგორც ადვოკატზე
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ადვოკატ ვალერი გელბახიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ვოლსკის შეფასებით, ექსპრეზიდენტის ადვოკატის განცხადება რეალობას არ შეესაბამება.
„როგორ ჩანს, ვალერი გელბახიანმა სტრატეგია აირჩია, როცა არასერიოზულობით და სკანდალური განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს საკუთარ პერსონაზე, როგორც ადვოკატზე. მის მიერ გაკეთებული განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, არამედ თავად სააკაშვილის ინტერესებსაც გარკვეულ შემთხვევებში უპირისპირდება. იუსტიციის სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბრალდებების საპასუხოდ კვალიფიციური ექსპერტიზა ჩატარდეს. სწორედ ამის შემდეგ გააკეთა სააკაშვილმა განცხადება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ, უცხოელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, ექსპრეზიდენტი მოწამლულია. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ მას არასდროს არცერთი ადვოკატისთვის მოწამვლის ეჭვის შესახებ არაფერი უთქვამს.