თამარ გაბუნია: მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი – “ჰონგ-კონგის” ვირუსის შესახებ ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციაა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად რინოვირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი ცირკულირებს.

მისივე თქმით, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსის შესახებ ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციაა და განგაშის საფუძველი არ არსებობს.

“მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, უფრო დაბალ პროცენტშია ადენოვირუსი და ძალიან მცირე, 5%-ია ე.წ. გრიპის ვირუსი.

რაც შეეხება ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. „ჰონგ-კონგის“ ვირუსის დასახელება ისტორიულია. ვირუსი ეპიდემიის სახით 1968 წელს იყო გავრცელებული. მას შემდეგ მისი მასობრივი გავრცელება მსოფლიოში არსად ყოფილა. ეს არის ვირუსი, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არ ახლავს. თუ ბავშვს აქვს სიცხე, უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან და მშობელმა ჩვეულებრივად მართოს ეს დაავადება.

ვირუსები საყურადღებოა უფრო იმ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. თავის დაცვისთვის რეკომენდაციები ისევ არის ხელის ჰიგიენა, დისტანცია. ბავშვი თუ არის ავად, სკოლაში არ გაუშვათ. განგაშის საფუძველი არ არსებობს. ჯანდაცვის სექტორი მობილიზებულია, რათა შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა და მართოს ბინაზე. თანხმლები დაავადება თუ არ აქვს, ჰოსპიტალში გადაყვანა ბავშვისთვის მეტი სტრესია, ამიტომ სჯობს, ოჯახის ექიმმა ბავშვი მართოს ბინაზე“,  – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები